რას აცხადებს სკოლის დირექტორი, რომელსაც მშობელმა უკბინა – თბილისის სკოლაში მომხდარი ინციდენტის დეტალები

“კვირასთვის” ცნობილი გახდა, 172 -ე სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის მომხდარი ინციდენტის მიზეზი.
როგორც “კვირას” სკოლის დირექტორმა, დავით ბრეგვაძემ განუცხადა, მასსა და მშობელს შორის ურთიერთშელაპარაკება გუშინწინ მოხდა.
მისივე თქმით, მშობელს არ სურდა იმ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს შორის იდება.
“როგორც წესი, სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლის მშობელი ხელშეკრულებას დებს, ამისთვის მშობელს ხელი უნდა მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ ხელი არ მოაწერა. უფრო სწორად, მან ისეთი საკითხი წამოჭრა, რომ ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ლგბტ თემის საკითხთან დაკავშირებით. ასეთი რამ ხელშეკრულებაში საერთოდ არ დევს, არცერთ პუნქტში. მოკლედ, შარზე იყო, ვერ გავიგე რა უნდოდა”, – განუცხადა “კვირას” დავით ბრეგვაძემ.
სკოლის დირექტორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, დაადასტურა, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მან შრატი გაიკეთა და თავს ამჟამად კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დირექტორსა და მშობელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა – მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები