ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს, სააკაშვილის სისხლიანი წლები უნდა გამოცხადდეს რეჟიმად

საზოგადოება, უკვე აღარ ვაპირებთ გაჩერებას და მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს. სააკაშვილის სისხლიანი წლები უნდა გამოცხადდეს რეჟიმად, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ია მეტრეველის თქმით, მათი აქტივისტები მეტროსადგურებთან აგროვებენ ხელმოწერებს “არა ნაციზმს”.
მეტრეველი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს ის ფინანსები, რომელსაც ია მეტრეველის „სახალხო მოძრაობა“ და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ხარჯავენ.
„ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა, რომელიც შევქმენით საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე. ქვეყანა დადგა იმ საშიშროების წინაშე, რომ შესაძლოა, ქვეყნის სათავეში დაბრუნდეს კრიმინალური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ვაშაძე სააკაშვილის სახეა, მის უკან სააკაშვილი დგას. გაერთიანდნენ კრიმინალური, ბოროტი ძალები, რომლებიც 9 წელი ჯოჯოხეთში აცხოვრებდნენ ქვეყანას.
დღის მანძილზე ოფისში მოდის უამრავი ადამიანი და სწორედ მათგან წამოვიდა იდეა, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ მანქანებით შეგვიძლია დაგეხმაროთ და ხალხი, რომელიც ვერ მიდის რაიონებში, რადგან საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული, ამის მობილიზება გავაკეთოთო, მოჰყავთ ახლობლები, ვისაც აქვს სურვილი წავიყვანოთ რაიონებში, მივიყვანოთ ეს ხალხი არჩევნებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ვიცით, რასაც წარმოადგენს, მათი ამ მუქარების ნამდვილად არ გვეშინია. ამ ბრალდებებს „რუსთავი 2“ გვიყენებს. ეს არის მატყუარა ტელევიზია.
რაც ვთქვით, გავაკეთებთ – მოსახლეობას შევუწყობთ ხელს, მივიდეს არჩევნებზე, „ნაცმოძრაობას“ დავამარცვხებთ, ამის შემდეგ კითხვებზე, რაც გვაქვს, ხელისუფლებას მოუწევს პასუხების გაცემა.
შვილი მომიკლეს, ერთადერთი, უდანაშაულო. გარდა ამისა, იმდენი გაუბედურებული ოჯახი ვნახე, ჩემს თვალწინ ისეთები ხდებოდა, მე მათთვის ვიბრძოდი. თორემ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მე მომავალი, სიხარული და ყველაფერი წამართვა. არ შემიძლია, ვუყურო ჩემი ქვეყანა როგორ იყო დამონებული, შეშინებული, როგორ ანადგურებდნენ ვაჟკაცებს. ისევ ეს საფრთხე ემუქრება ქვეყანას. საგანგებო შტაბიც იმიტომ შევქმენით, რომ ის ადამიანები, სამართლიანად განაწყენებულნი ახლანდელ ხელისუფლებაზე არ მივიდნენ არჩევნებზე, ამით ხელისუფლებას სილა გააწნეს. ამ ხალხს ვეუბნები, თუ ვინმეა განაწყენებული, პირველ რიგში მე უნდა ვიყო. მთელი 6 წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ და ათას შეურაცხყოფას ისევ დამნაშავეებისგან ვიტან. 6 წელი ვერ დაასრულეს პროცესი, როცა ხელის გულზე დევს ყველაფერი. 82 მოწმე ადასტურებს იმას, რომ ბავშვი უდანაშაულოდ მოკლეს, სასწრაფო დროზე არ მიიყვანეს, მომაკვდავ ბავშვს ხელბორკილები დაადეს.
ეს ყველაფერი მოთმინებით ავიტანე, განსხვავებით ზაზა სარალიძისგან. 1 წელიც არ დაიცადა ამ ადამიანმა მაშინ, როცა მთელი სახელმწიფო დგას ფეხზე, რომ საბოლოოდ განაჩენი დადგეს ისეთი, რომელიც სამართლიანია. პროკურორი გადადგა, გამოძიება მიდის, არ გაუვლია სხვა ინსტანციები, ჯერ აპელაციაში არ არის მისული საქმე , ჯერ დასრულებული არ არის, ძიება მიმდინარეობს და დაპატიმრებულია უამრავი ადამიანი. ჩემს საქმეში, 6 დამნაშავე პირდაპირ არის სახეზე, ის ხალხი არ დაუჭერიათ 6 წელია“, – განაცხადა მეტრეველმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები