ია მეტრეველი: არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხა და მკვლელების გვერდით დგომა

ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხა და მკვლელების გვერდით დგომა, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს.​
„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს.
საუბედუროდ, ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე, რომ ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეობს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაციისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ,“ – განაცხადა ია მეტრეველმა და დასძინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს.
„ყველაფერი მოთმინებით ავიტანე, განსხვავებით ზაზა სარალიძისგან. 1 წელიც არ დაიცადა ამ ადამიანმა მაშინ, როცა მთელი სახელმწიფო დგას ფეხზე, რომ საბოლოოდ განაჩენი დადგეს ისეთი, რომელიც სამართლიანია. პროკურორი გადადგა, გამოძიება მიდის, არ გაუვლია სხვა ინსტანციები, ჯერ აპელაციაში არ არის მისული, საქმე ჯერ დასრულებული არ არის, ძიება მიმდინარეობს და დაპატიმრებულია უამრავი ადამიანი. ჩემს საქმეში, 6 დამნაშავე პირდაპირ არის სახეზე, ის ხალხი არ დაუჭერიათ 6 წელია“, – განაცხადა მეტრეველმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები