სოფო კილაძემ მუნიციპალიტეტებთან სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მუნიციპალიტეტებთან სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის მიერაა ორგანიზებული.
სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონის მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა და პარლამენტმა მიმდინარე წელს მიიღო.
„კანონის შემუშავების პროცესში ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო დეცენტრალიზაციის საკითხი – სოციალური მუშაობის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადატანა. ჩვენ თუ გვსურს ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარება, ბუნებრივია, მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს გაძლიერების საშუალება უნდა მივცეთ. ეს არის დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა. არ შეიძლება ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული ცენტრალურ ხელისუფლებაში, რადგან ეს შექმნის ავტორიტარიზმის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები ადგილობრივ თვითმმართველობებს. ყველაზე მოწყვლადი ადამიანები სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმართავენ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, ის ხარვეზები, რომელიც კანონის ამოქმედების პროცესში გამოიკვეთება, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად უნდა დაძლიოს და გამოასწოროს.
„პარლამენტი თქვენ გვერდით არის. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კანონის იმპლემენტაციის პროცესში. პარლამენტი სწორედ ის ორგანოა, რომელმაც მიღებული კანონების აღსრულებაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს”, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების პარალელურად მისივე პარტნიორია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა, რომელიც კარგად არის აპრობირებული დემოკრატიულ სახელმწიფოებში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მან მადლობა გადაუხადა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საქართველოში – ღასან ხალილს, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლიდან უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოასწრო.
„ღასან ხალილი სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვიდა. იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც მან ამ მცირე პერიოდში მიაღწია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ UNICEF-ის განსაკუთრებულად კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ ის დღეს საქართველოშია და ბავშვთა უფლებებზე ზრუნავს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები