არქიმანდრიტი ბართოლმე: ბერას ადამიანები ძალიან უყვარს, სვეტიცხოვლიდან არავინ გაუშვიათ გარეთ

სვეტიცხოვლის ტაძრიდან არავინ გაუშვიათ გარეთ, არავინ გაუგდიათ, როცა რაღაც პროცესია და შეიძლება, რაღაც საშიშროება იყოს, ტაძარიც შეიძლება იყოს გარკვეულწილად დაცული, – ამის შესახებ ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ განაცხადა.
არქიმანდრიტი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მლოცველები ტაძარში დროებით არ შეუშვეს.
„საზოგადოების იმ ნაწილის ასეთი ბოღმა ჩემთვის გაუგებარია. ადამიანმა ისურვა სვეტიცხოველში ჯვრისწერა, იმიტომ რომ ეს ისტორიული ტაძარია. შეეძლო, სამებაშიც დაეწერა ჯვარი, რომლის ამშენებელიც მისი ოჯახია, 99 %.
მოვისმინე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, პირველი რაც გავაკეთე, სამებისთვის გადავრიცხე თანხა ოქროს გუმბათი რომ დაედგათო. ოქროს გუმბათი, რომელიც სამებას ადგას, ჩემთვის ცოტა რუსული ვარიანტია, იმიტომ, რომ ქართულ კულტურაში ოქროს გუმბათიანი ტაძარი არ გვხვდება, ეს არის წმინდა წყლის რუსული ვარიანტი, აქედან გამომდინარე, ამითი შეუძლია არ დაიკვეხნოს.
ბერამ აირჩია სვეტიცხოველი. ზუსტად არ ვიცი, ეს გარკვეული უსაფრთხოების გამო იყო, არა იმიტომ, რომ მათ ადამიანები არ უნდოდათ. ბერას ბავშვობიდან მქონდა მის ოჯახთან შეხება და ის არის ადამიანი, რომელსაც ადამიანები ძალიან უყვარს და საზოგადოებაში გასვლა არასდროს ეშინია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი თავის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, პოლიტიკური ანგაჟირებით მოცულმა პირებმა სიმართლე ვერ დაინახეს, რადგან მისი თქმით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაკეტილი არ იყო, ეკლესიიდან არც არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ ვინმესთვის.
მუსიკოსის განცხადებით, არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით, ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი აპელირებდა.
ბერასთვის გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს არ უკავშირდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები