ირაკლი ალასანია: ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რაც რეგიონში არსებობს
ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რაც რეგიონშია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაცია სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.
“გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა სწორად შეაფასა ის საფრთხე, რაც რეგიონშია. ბუნებრივია, რუსეთის გარდა, ყველა ვთანხმდებით, რომ მიმდინარე მოვლენები არის პირდაპირი ხელყოფა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესრიგის, რომელიც დადგენილი იყო. რუსეთის ფედერაცია სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ჩვენი გზა არის ერთადერთი – რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, ნატოს წევრი და ამ კუთხით საქართველოს მთავრობა ყველაფერს, შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს “, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს ჯარი პრაქტიკულად უკვე არის ნატოსთან თავსებადი. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მომავალ სამიტზე ადეკვატურად აისახება.
“ჩვენი ჯარი, შემიძლია გითხრათ, პარაქტიკულად არის ნატოსთან თავსებადი და ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების. მომავალ სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ეს ადეკვატურად აისახება. რაც შეეხება ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, ეს დღის წესრიგში დგას და რასმუსენმა დღესაც აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა – ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდი ზეწოლა მოახდინა რუსეთმა მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ზეწოლა განახორციელოს საქართველოსა და მოლდოვაზე.