“საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს დირექტორი: ინფორმაცია, რომ თითქოს დავალიანება გვაქვს და მეშახტეებს ხელფასს არ ვუხდით, მცდარია

კომპანიის „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ “ფეისბუქლაივისას” გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თითქოს ტყიბულის მეშახტეებს ხელფასებს არ უხდიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჯაყელმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა, კომპანიას დასაქმებულების მიმართ დავალიანება არ აქვს.
“გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თითქოს დავალიანება გვაქვს და მეშახტეებს ხელფასს არ ვუხდით, არის მცდარი და არასწორი. არავითარი დავალიანება ჩვენ არ გვაქვს. გრაფიკულადაც, არცერთი დღე გადაცდენაც კი არ გვაქვს. უბედური შემთხვევა მოხდა 16 ივლისს, არც იქამდე და არც შემდეგ ხელფასების გადაცდენას ან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. ხელფასები როგორც რიგდებოდა, ისე რიგდება. სახელმწიფოც დაგვიდგა გვერდში. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, კომისიის დასკვნის საკითხი ხელფასების გაცემასთან არაფერ შუაშია. ეს დასკვნა, რაც არ უნდა გვიან იყოს, ხელფასები დარიგდება ჩვეულებრივად. კომისიის დასკვნის მერე, ჩვეულ რეჟიმში გადავალთ. კომისიას ჩვენ გადავეცით ყველა მოთხოვნილი მასალა, ფიზიკურად ყველა უბანი მოიარეს. თუ გაჩნდა დამატებითი კითხვები, ამ კითხვებზეც გავცემთ პასუხებს, სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დასკვნას დადებენ”, – აცხადებს ჯამბულ ჯაყელი.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქლაივისას” შრომის კოდექსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განცხადება გააკეთა.
“მაგალითად, ტყიბულის მეშახტეებს ვუყურებდი, რომლებსაც ხელფასებს არ უხდიან. აბსოლუტურად დაუცველია ადამიანი და აუცილებელია, შრომის კოდექსის დაცვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა, მომხდარის შედეგად 4 მუშა დაიღუპა.
სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტაში იყვნენ დასაქმებულნი, ჩვეულებრივ მიიღებდნენ სახელფასო ანაზღაურებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები