გურამ პეტრიაშვილის „ახალი და ძველი ზღაპარლექსების“ წარდგენა გაიმართება

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გურამ პეტრიაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება.
გურამ პეტრიაშვილი:
„მაქვს ასეთი პროფესიული ჩვევა: დროდადრო გადავხედავ ხოლმე, თუ რა გავაკეთე დროის ბოლო მონაკვეთში.
ბოლო გადახედვისას აღმოვაჩინე, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ (2012 წ.) ბევრი როგორღაც ერთნაირი ლექსი დამიწერია.
ისე მოხდა, რომ ჩემს პროფესიულ „გადახედვას“ დაემთხვა ფეისბუქზე რეზო ლაგვილავას პატარა პუბლიკაცია.
მოგეხსენებათ, ბატონი რეზო ჩვენი ცნობილი საოპერო მომღერალია.
ჩვენ მეგობრები ვართ ეროვნული მოძრაობიდან. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ყოველი სიტყვა.
აი, რა დაწერა მან ფეისბუქზე:
„ბატონმა რეზო ინანიშვილმა მითხრა გამომცემლობის წინ: რაც გურამს შეუძლია, ის ჩვენ არ შეგვიძლია არავისო. ლაპარაკი იყო ზღაპრის სიუჟეტის შექმნაზე. ძალიან ნიჭიერიაო.“
გამეხარდა, რომ დიდმა მწერალმა რეზო ინანიშვილმა ჩემში აღმოაჩინა და აღნიშვნის ღირსად მიიჩნია სიუჟეტის შექმნის უნარი. რომ გითხარით, 2012 წლის შემდეგ დაწერილი ლექსები როგორღაც ერთნაირი მომეჩვენა-მეთქი, სწორედ ამითაა ისინი ერთნაირი, რომ ყოველ მათგანს აქვს სიუჟეტი და ყოველში რაღაც ხდება.
ასეთ ლექსებს 40-45 წლის წინათ ვწერდი (ოღონდ ურითმოდ, თეთრი ლექსის პრინციპით).
და გამოვეცი კიდეც, როგორც „ზღაპარლექსები“. ამ ახალ სიუჟეტურ ლექსებსაც „ზღაპარლექსებს“ ვარქმევ.
ახლა გთავაზობთ წასაკითხად. რადგან ძალიან მაინტერესებს, თუ რა გამომივიდა, ამ წიგნზე აზრის გამოთქმა ვთხოვე სამ კრიტიკოსს (ლევან ბრეგაძეს, ივანე ამირხანაშვილს და ლევან ბებურიშვილს), რომლებსაც პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ მათ პირუთვნელობაში“.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები