ირმა ინაშვილი ყოფილ სამხედროებს: ქვეყნის მიწების გამყიდველების გვერდში როგორ დგახართ?!

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი გენერალ დევი ჭანკოტაძის და რამდენიმე ყოფილი ჯარისკაცი ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მხარს ვერ დაუჭერენ ისეთ პიროვნებას, რომელმაც საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
როგორც ინაშვილი ამბობს, ეს მიმართვები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერაა ორგანიზებული და სვამს კითხვას – “შენი ერის მწამებლების და შენი ქვეყნის მიწების გამყიდველების გვერდში როგორ დგახარ?!”
“საინტერესოა, ის რამდენიმე სამხედრო პირი და პოლიციელი, რომელთა მიმართვებსაც სოციალურ ქსელში გავეცანით, რეალურად იყვნენ და ახლაც არიან თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრები?! ეს ერთი. მეორე – თუ იყვნენ ან დღესაც არიან, მხარს რას და ვის უჭერენ? იმ პარტიის კანდიდატს, რომლის ლიდერებიც 2004-2012 წლებში ქართველ კაცს “დუბინკით” აწამებდნენ?! ახლა, არ მკითხოთ, ეს სად ხდებოდაო. აქ, აქ ხდებოდა, საქართველოში! კონკრეტული პატიმრების ჩვენებები დევს პროკურატურაში!
როდის მერე გახდა პატიმრების მწამებელი ხალხი ვეტერანების, სამხედროებისა და პოლიციელებისათვის მისაბაძი და სამაგალითო?! გინდ ყოფილნი იყავით და გინდ- მოქმედნი.
ომშიც კი წესებს ვიცავდით, მტერს როგორ უნდა მოვპყრობოდით. ეს წესები არაჰუმანურ, არაადამიანურ, არაკაცურ, არაწესიერ საქციელს გმობდა და გამორიცხავდა. შენი ხალხი მტერი ხომ არ არის?! ამ ხალხის, შენი მოყვასის, შენი თანამემამულის წამება წესიერი და კაცური საქციელია?! ახლა სხვა კითხვას ვსვამ: შენი ერის დიდი ნაწილი ფიზიკურად რომ აწამა, იმ პარტიას მხარს როგორ უჭერ, რა სამხედრო და პოლიციელი ხარ, რა სულისკვეთებით ცხოვრობდი და იბრძოდი?! ან სად ომობდი… ან ვის გვერდით ომობდი, რომ ეს მარტივი რამ ვერ გაგიგია?!
ზურაბიშვილს მხარს არ ვუჭერთ, მოღალატეაო, თქვენი ჭკუით რომ “გვაშინებთ”, სააკაშვილ- ბოკერიას ღალატი რატომ ვერ დაინახეთ კოდორსა და ახალგორში?! თვალი რამ დაგიბრმავათ?! მაგრამ ეს კამპანიაა. იაფფასიანი, საბჭოთა პროპაგანდისტული კამპანიის სტილში! ვიღაცა, ჩვენი დროის ძერჟინსკიმ დაგეგმა. სხვათა შორის, უნიჭოდ დაგეგმა. რჩევაც მოგცათ,- ერთი და იგივე წინადადება გაიმეოროთ, რომ ხართ სამხედრო და გმობთ მოღალატე ზურაბიშვილს. მამაკაცების მწამებლებს კი არ გმობთ, ქართული მიწების გამყიდველებს კი არ გმობთ, ზურაბიშვილს გმობთ! ზურაბიშვილის მხარდაჭერას არც არავინ გთხოვთ და არც გავალდებულებთ. სხვა კითხვას გისვამთ: კაცები ხომ ხართ, კაცების მწამებლების გვერდით როგორ დგებით?! ან 2004-2012 წლებში, თქვენს ქვეყანაში კაცებს რომ აწამებდნენ, მაშინ ასეთ ვიდეომიმართვებს რატომ არ წერდით და ავრცელებდით?!
ახლა ჩემი რეზიუმე – ეს მიმართვები სააკაშვილის მიერაა ორგანიზებული. უნდათ, რომ ხელოვნურად შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ჯარი განუდგა ხელისუფლებას! უნდათ, რომ შექმნან ილუზია, თითქოს პატრულის რიგითი ოფიცრებიც ვაშაძის მხარეს დგანან, რაც ტყუილია.
იგივე კითხვას ვსვამ: არ გინდა, შენი ნებაა, ზურაბიშვილს ხმას ნუ მისცემ! მაგრამ შენი ერის მწამებლების და შენი ქვეყნის მიწების გამყიდველების გვერდში როგორ დგახარ?!”,- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ და რამდენიმე ყოფილმა ჯარისკაცმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
“საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს”, – ამ სიტყვებით მიმართავს გენერალი დევი ჭანკოტაძე ჯარს და ამომრჩეველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები