ლევან მახაშვილი: ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი – ეს არის 360 000 დოლარი
ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი – ეს არის 360 000 დოლარი, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი. ეს არის 360 000 დოლარი, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრი ცდილობდა მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთდა ბატონი უილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია – „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.