“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება გზა ლენტეხი-ბავარის მიმართულებით”, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უხვმა ნალექმა დააზიანა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების წმენდისა და აღდგენის პროცესი, ძალიან აქტიურად არის ჩართული გზების დეპარტამენტი, მადლობა მათ ამ ოპერატიულობისთვის. ტურისტებიც იყვნენ მოყოლილი მეწყერს შორის და საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ყველა ტურისტი გადაყვანილია სამშვიდობოს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მიყენებული ზარალის შეფასება. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან ერთად, მუშაობს სრული მობილიზებით და აქტიურ კომუნიკაციაში ყველა შესაბამის უწყებასთან”, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.