დავით სონღულაშვილმა შიდა ქართლში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში სახელმწიფო მხარდაჭერით დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ფერმერმა ვანო არამიანცმა 750 კვ/მ ფართობზე სასათბურე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო. ფერმერი 50 ტონა პომიდვრის მოსავალს ელოდება. სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის, 100,000 ლარის საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად, ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 25,000 ლარზე მეტის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს.

დავით სონღულაშვილი იმ ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა, რომელთაც სათბურებში ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ. მინისტრმა ფერმერებისგან არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. დავით სონღულაშვილმა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღინიშნა, რომ ქართული წარმოების მხარდაჭერა გრძელდება.

პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს, 113 ბენეფიციარი ჰყავს. 23 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი. პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 24 თვის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სრულად დაფარავს, მიზნის შესრულების შემდეგ კი, პროგრამის ბენეფიციარები სესხის 30%-ს დაიბრუნებენ დამატებითი დაფინანსების სახით.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, პარლამენტის დეპუტატები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები