დარიალის ხეობაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანა იპოვეს
დარიალის ხეობაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი სამი სატვირთო მანქანა იპოვეს. ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებას კაბინა მოწვეტილი აქვს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიური უბედურების შედეგად, 7 ადამიანია დაკარგული, მათ შორის ერთი -საქართველოს მოქალაქე. მათ მოსაძებნად ხეობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ადგილზე მობილიზებულ ბრიგადებს უამინდობა ხელს უშლის.
სტიქიის ზონაში ძლიერი ქარია. პარალელურად, იწყება იმ გაზსადენების რეაბილიტაცია, რომლებიც 17 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა. 1200 და 700- მილიმეტრიან გაზსადენებს სამაშველო ბრიგადები ცოტა ხნის წინ მიუახლოვდნენ.
ხეობაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების გასაადვილებლად სპეციალური ჯგუფები მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლასა და ალტერნატიული არხის გაჭრასაც ცდილობენ. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ხელმძღვანელობენ.
სტიქიის ზონაშია ჯანდაცვის მინისტრიც, რომელმაც დღეს სტეფანწმინდაში გახსნილი საგანგებო შტაბის წევრები მოინახულა.