საგარეო უწყება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ემიგრანტებისთვის განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა – 2018 წლის 11 ნოემბერი. განაცხადების მიღება 11 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება.
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 2018 წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა – 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი). შესაბამისად, 11 ნოემბრის ჩათვლით – მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის,ადგილსამყოფელ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე განაცხადებების მიღება დასრულდება 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები