შინდისის გმირების მემორიალის დაცვას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს

დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. შესაბამისი კონსულტაციები შიდა ქართლის გუბერნიის აპარატსა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე დასრულებულია. აღნიშნულ საკითხზე უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გორის მერიის აქტიური მუშაობის შედეგად, მემორიალის სრული აღდგენა მომხდარიდან რამდენიმე საათში მოხერხდა, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
“დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ, ვანდალურად იქნა დარბეული მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს! ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე შინდისშიც იმყოფებოდნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები