ნათია მეზვრიშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციას არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასება.

ნათია მეზვრიშვილი სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე საპოლიციო რეაგირების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.

მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიღწევები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს, ასევე, გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები