თბილისში, ღვინის საერთაშორისო კონკურსი „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

თბილისში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი EAWSC „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა.
კონკურსი საქართველოში პირველად იმართება და მის მიზანს, ქართული ღვინის მაღალი პოტენციალის დემონსტრირება, მისი ხარისხის განმტკიცება და ქართველი მეღვინეების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ღონისძიების მიზანია ევრაზიის ქვეყნების და განსაკუთრებით, საქართველოს ღვინოების ხარისხობრივი პოტენციალის წარმოჩენა და მათი დამკვიდრება საერთაშორისო ბაზრებზე”,- განაცხადა ენოლოგთა კავშირის პრეზიდენტმა, მურმან ქურიძემ.
კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” (OIV) პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საქართველოს ენოლოგთა კავშირის პრეზიდენტი მურმან ქურიძე დაესწრნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის წარმოების უძველესი ისტორია აქვს და ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მსგავსი კონკურსები ქართულ ღვინოს მეტად პოპულარულს ხდის საერთაშორისო ბაზარზე“,- განაცხადა „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” (OIV) პრეზიდენტმა, ჟან-მარი ორანმა.
კონკურსში 12 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ბელარუსი) 78 კომპანიის 200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინის ნიმუშია წარმოდგენილი, რომელსაც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ.
კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები 9 ნოემბერს, კახეთში, „შატო ზეგაანში“ დასახელდება. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ დასახელებული ღვინოების შესახებ სტატიების გამოქვეყნებას პოპულარული ამერიკული ჟურნალი Wine Spectator გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები