ბრიტანეთის საბჭო, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად, 35 ახალ საერთაშორისო პარტნიორობას აფინანსებს

ბრიტანეთის საბჭოს ახალი ინიციატივა „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში 35 ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას დააფინანსებს.
ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოდან 5 წარმატებული პარტნიორობა შეირჩა. ქართული კულტურული და საგანმანთლებლო ორგანიზაციების ბრიტანულ ინსტიტუციებთან პარტნიორობის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შემოქმედებითი საქართველო და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – კომპანია „Advantage Creative“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – კილის უნივერსიტეტი (Keele University); შემოქმედებითი საქართველო – ისტ ანგლიის უნივერსიტეტი (University of East Anglia); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – უნივერსიტეტი „University of Essex Change School „ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბრისტოლის უნივერსიტეტი „University Of The West Of England“
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამაში ჩართული ქვეყნების შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად და სამეწარმეო ტრენინგების საჭიროებიდან გამომდინარე. გაერომ შემოქმედებითი ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად აღიარა. შემოქმედებით ნაპერწკალი მიზნად ისახავს მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობები განივითაროს საჭირო უნარები და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი.
თითოეული შექმნილი კონსორციუმი/პარტნიორობა მიიღებს დაფინანსებას – 50,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.
შერჩეული პროექტების წარმომადგენლები პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნიდან და ბრიტანეთიდან პირველად 2018 წლის 20-21 ნოემბერს თბილისში შეხვდებიან კონფერენციაზე „პროგრამის პარტნიორების შეხვედრა და სამომავლო პოლიტიკის შეთანხმება“, სადაც განიხილავენ სამომავლო გეგმებს.
ყოველი პარტნიორობა დაეხმარება ახალგაზრდებს მიიღონ საერთაშორისო კავშირებზე, ბაზრებსა და რესურსებზე უკეთ წვდომის შესაძლებლობა. წელს პარტნიორები ერთობლივად იმუშავებენ და ჩაატარებენ სამეწარმეო უნარების ტრენინგების სრულ კურს სტუდენტებისთვის იდეების ჩამოყალიბებიდან და ე. წ. ფიჩინგიდან დაწყებული – ბიზნესის წამოწყებით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვით დამთავრებული.
ამის შემდეგ, ზაფხულში ჩატარდება ვიდეო კონკურსი პროგრამაში ჩართული ყველა ქვეყნის 100000-მდე ახალგაზრდისთვის. ეს იქნება video pitch- მოკლე ვიდეო პრეზენტაციით პოტენციური სპონსორის დასაინტერესებლად. გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა ბრიტანეთში გაიარონ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კურსები.
ამას გარდა, ბრიტანეთის საბჭო გეგმავს მეწარმეობის თემატიკისადმი მიძღვნილი ინგლისური ენის ონლაინ კურსების ჩატარებას, არსებული ონლაინ პლატფორმებისა და ახლად შექმნილი ონლაინ პროგრამების საშუალებით.
ბრიტანეთის საბჭოს გაფართოებული ევროპის რეგიონის განათლებისა და საზოგადოების დირექტორი რიჩარდ ევერეტი აცხადებს: „ჩვენ ასზე მეტი განაცხადი მივიღეთ, ამდენად კვლავაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, ვისაც შემოქმედებით ნაპერწკალთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ ჩვენი გრანტი ვერ მიიღო“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები