ლევან დავითაშვილმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo – CIIE) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი ქართული პავილიონი გახსნა. პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა (GFTA) და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას (Greenland Holding Group) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
„შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთის ხელისუფლებამ აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი გამოაცხადა. ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანიის Greenland Holding Group მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენს მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე.
დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორის, ზაალ დუგლაძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და უკვე არსებობს ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდისთვის ძალიან დიდი გეგმების საფუძველი.
შანხაიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა. ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და რომ ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით სტაბილურად მზარდია.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 10 ნოემბერს დასრულდება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინისა და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები