ავთო ცინცაძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: სპორტსმენები მას ქართველ ხალხთან ერთად გასცემენ პასუხს მეორე ტურში

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, ავთო ცინცაძე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ის სახელმწიფო პროგრამებს სპორტის მიმართულებით დაფინანსებას შეუწყვეტს.
ცინცაძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატისგან ასეთი განცხადებები სპორტის სამყაროს შეურაცხყოფაა.
როგორც მან განაცხადა, ვაშაძეს ეს სპორტსმენები, ქართველ ხალხთან ერთად გასცემენ პასუხს მეორე ტურში.
“ვაშაძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინიათ იმ სპორტსმენების, რომლებიც 2012 წელს სიმართლეს დაუდგნენ გვერდში? ჩვენს სპორტსმენებს, რომლებიც იმარჯვებენ და ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვრებს გარეთ გვერდში უნდა დავუდგეთ და ხელი შევუწყოთ. პრეზიდენტობის კანდიდატისგან ასეთი განცხადებები სპორტის სამყაროს შეურაცხყოფაა და იმ ადამიანებისა, ვინც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.
2007 წლიდან 2011 წლამდე არაოლიმპიურ სახეობებში და ოლიმპიურ სახეობებში 2007 წლიდან 2014 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი არ გვქონია. შემთხვევით, ხომ არ გვახსენდება ეს წლები ვის უკავშირდება და რომელ მთავრობას?! შესაბამისად, თუ გადავხედავთ 2012 წლის შემდეგ შედეგებს, ეს დღე-ღამესავით განსხვავდება და რა ჯანმრთელი და ჯანსაღი ადამიანები აშინებთ?!
გრიგოლ ვაშაძეს კი ზუსტად ეს სპორტსმენები ქართველ ხალხთან ერთად გასცემენ პასუხს მეორე ტურში.
სპორტი მთელ მსოფლიოში ვითარდება ყოველდღიურად და ამას ფეხდაფეხ უნდა ავყვეთ ჩვენც. ამიტომ ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ ფინანსები უნდა ჩამოვაჭრათ ამ სფეროს, პირიქით, ორმაგად უნდა შევუწყოთ ხელი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სპორტში არსებული ბიუჯეტი საკმარისი არასდროს არ არის”, – განაცხადა ავთო ცინცაძემ.
შეგახსნებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან  “Deutsche Welle”-სთან განაცხადა, რომ ის სახელმწიფო პროგრამებს სპორტის მიმართულებით, დაფინანსებას შეუწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები