დიმიტრი ხუნდაძე: გრიგოლ ვაშაძე პენსიონერებს შეურაცხყოფას აყენებს

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო დაპირებას – პენსიების 400 ლარამდე გაზრდას – პენსიონერების შეურაცხყოფად მიიჩნევს. დეპუტატის აზრით, “ცრუ დაპირებებით საარჩევნოდ ხმების მოპოვება “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეული სტილია”.
„მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს არაერთხელ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, თუ როგორ აპირებენ 400 ლარამდე პენსიების ზრდას, ისინი ამ კითხვაზე პასუხს არ სცემენ. ბუნებრივია მათი რეაქცია, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ეს დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. თავი გავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ შედის პენსიების მატება, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ისიც კარგად იციან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს დღეს შეუძლებელია. ვაშაძის 400-ლარიანი პენსია 2012 წლის „ღიმილიან საქართველოს“ მაგონებს, როდესაც ჩვენი ხანდაზმულები მართლაც გაღიმებული დატოვეს. მივმართავ გრიგოლ ვაშაძეს და მის პარტიას, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას, თავი დაანებეთ პენსიონერების წინასაარჩევნოდ გამოყენებას. თქვენი 400-ლარიანი პენსიის დაპირება, მხოლოდ მათი შეურაცხყოფაა. თქვენ ხანდაზმულებს ბრბოდ მიიჩნევთ, რომელთაც გსურთ, რომ ყველა ტყუილი დააჯეროთ. ეს ასე არ არის. თქვენი მანიპულაციები ხანმოკლეა და მოხუცებიც კი ხვდებიან, რომ თქვენი დაპირებები მხოლოდ საარჩევნო ყუთებამდე მიდის. რაც შეეხება პენსიების ზრდას, ჩვენ რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და ვზრდით დღესაც. მესმის, რომ ეს ცოტაა და პენსიონერების ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად 400 ლარიც არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ რეალობიდან გამოვდივართ და მხოლოდ სიმართლეს ვეუბნებით. მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ დგანან რიგში საარჩევნო უბნებთან “ნაცმოძრაობის” ტყუილებით შეურაცხყოფილი პენსიონრები. ეს ყველაზე უღირსი საქციელია. ხელისუფლებაში დაბრუნების გაშმაგებული სურვილით ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი