„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტზე მუშაობას იწყებს

„საპარტნიორო ფონდმა“ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაციის (CSIC), ამავე ჯგუფის კომპანია „SMDERI“-ის შვილობილ შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტსა და Long Ge Investment Consulting Co.-ს შორის ურთიერთგაგების მემორადუმი გააფორმა.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შანხაიში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, Long Ge Investment Consulting Co-ს პრეზიდენტმა ჩუნლონგ ჩაიმ და კომპანია „SMDERI“-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გან ჩენმა მოაწერეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს საქართველოში, კერძოდ, საბუეთის მთებში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახლებადი ენერგიებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართულებით სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ.
„მემორანდუმის მიზანია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური ტექნოლოგიები და თანამედრვე ენერგეტიკის განვითარების ტენდენციები. საქართველოსთვის ეს არის ახალი გამოწვევა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა. განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაცია (CSIC) არის ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამყვანი კომპანია, რომელიც უმსხვილეს გემთმშენებელსა და გემების სარემონტო ბიზნესს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი კომპანია „SMDERI“-ის სტრატეგიული მიმართულებებია, ასევე, ენერგოსისტემის ინტეგრაცია, ენერგოდაზოგვის, გარემოს დაცვის მოწყობილობები და ენერგეტიკული მომსახურება. მის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 30 ქვეყნის ბაზარზე რეალიზდება და კომპანია განსაკუთრებულად დაინტერესებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები