“ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ”

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
„2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით. 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი. პირველი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის, სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები