თბილისში, საერთაშორისო კონკურსი „საქართველო – ღვინის სამშობლო” მიმდინარეობს

თბილისში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (EAWSC) „საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიხსნა. კონკურსი თბილისში პირველად ტარდება და ის „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” (OIV) პატრონაჟით იმართება.
კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” (OIV) პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საქართველოს ენოლოგთა კავშირის პრეზიდენტი მურმან ქურიძე დაესწრნენ.
ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი მაღალი პოტენციალის წარმოჩენა, რაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
EAWSC (EURASIA WINE & SPIRITS COMPETITION) წარმოადგენს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორები მთელი ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების დეგუსტაცია-კონკურსების გაერთიანებას გეგმავენ.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ცნობილი ღვინის ექსპერტები. OIV-ის ოფიციალურ დამკვირვებლად წარმოდგენილია ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand, საფრანგეთი). ადგილობრივ ექსპერტებს შორის არიან ლადო უზუნაშვილი, ანა გოდაბრელიძე, დავით აბზიანიძე, შალვა ხეცურიანი და სხვები. (ჟიურის სრული სია: http://eawsc.com/eawsc-georgia#jury).
“ამ ღონისძიებაში მაღალი დონის სპეციალისტების მონაწილეობა მიუთითებს, რომ საქართველო არა მარტო ღვინის სამშობლოა, არამედ მაღალი დონის ღვინის ფორუმების ჩატარების ადგილიც.
ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი”. კონკურსი ტარდება ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო” და სხვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით. კონკურსს ოპერირებს მოლდოვური კომპანია PPE SRL. კონკურსში მონაწილეობს 12 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ბელარუსი) 78 მწარმოებელი”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
9 ნოემბერს კახეთში, “შატო ზეგაანში” დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ დასახელებული ღვინოების შესახებ სტატიების გამოქვეყნებას პოპულარული ამერიკული ჟურნალი Wine Spectator გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები