ნავენახევის მღვიმეში ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ნავენახევის მღვიმეში ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები პირველები იყვნენ, ვინც კეთილმოწყობილი ნავენახევის მღვიმე დაათვალიერეს. მათ ეკოლექცია ჩაუტარდათ, სადაც მიიღეს ინფორმაცია იმერეთის მღვიმეებისა და ზოგადად, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კი მათ რეგიონში ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების არსებობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა დასუფთავების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა და მღვიმის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. იგი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევის მიდამოებში მდებარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, გამოიყო საგანმანათლებლო და საბავშვო სივრცეები. მღვიმის დათვალიერებას ვიზიტორები ნოემბრის ბოლოდან შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები