თბილისში, ბრიტანელი ექსპერტის, ტიმ უილერის საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად გაიმართება

ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში შშმ ხელოვნების და ფესტივალის ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი იმყოფება. ტრენინგები ორგანიზაცია „თანადგომის“ ოფისში (დ. უზნაძის ქ. 68) ჩატარდება.
ტიმ უილერი ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. თავისი ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა.
როგორც “კვირას” ბრიტანული საბჭოდან აცნობეს, ექსპერტის ვიზიტი ორი კომპონენტისგან შედგება:
5-6 ნოემბერს ექსპერტმა საკონსტულტაციო შეხვედრები გამართა სამინისტროს წარმომადგენლებთან და შშმ ხელოვნების სექტორში დასაქმებულ პირებთან, 8-10 ნოემბერი კი ეთმობა ტრენინგებს სახელწოდებით „საგრანტო პროექტის დაწერა, აქტივობათა დაგეგმვა, პროექტის განხორციელება და შეფასება“. თბილისში დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ტიმ უილერი შეხვდა როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, ისე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს შშმ პირთა ხელოვნების, მათი ხელოვნებაში ჩართულობის და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
8-10 ნოემბერს ტიმ უილერი ატარებს სამდღიან ტრენინგს სახელწოდებით „საპროექტო განაცხადის დაწერა, დაგეგმვა, მიწოდება და შეფასება”. ტრენინგის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების სფეროში მომუშავე მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარება პროექტის შეთავაზების დაწერაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში. ტრენინგის მონაწილეები ცოდნას გაიუმჯობესებენ შემდეგ საკითხებში:

  • არსებული საპროექტო განაცხადის ნიმუშის განხილვა და შეფასება
  • პროექტის იდეის ნათლად ჩამოყალიბება
  • წინასწარი დაგეგმვის მნიშვნელობა და გრაფიკი
  • როლებისა და მოვალეობების გადანაწილება
  • ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილები და გათვლები
  • პიარ და მარკეტინგული გეგმის მნიშვნელობა
  • რისკების გათვლა
  • აუდიტორიის, პროექტის მონაწილეების. სპონსორების მოსაზრებების შეგროვების და მათი გაანალიზების მნიშვნელობა და სხვ.

ტიმ უილერის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ნაწილია: შეუზღუდავი შესაძლებლობები, “სწორი ნაბიჯების გადადგმა”.

პროგრამის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის და ამ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელშეწყობა. ჩვენი აქტივობები საშუალებას აძლევს როგორც შშმ, ისე – ტიპური განვითარების პირებს, შეიძინონ აუცილებელი უნარები, ითანამშრომლონ ინტეგრირებულ გარემოში, გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას ინკლუზიური ხელოვნების თვალსაზრისით და დაამყარონ ახალი კონტაქტები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ როგორც საკონსულტაციო კომპონენტი, ისე ტრენინგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ მოყვარულ თუ პროფესიონალ ხელოვანებს საქართველოში ამ სფეროს განვითარებასა და საჭირო უნარების გაუმჯობესებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები