ომბუდსმენი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის წესს დისკრიმინაციულად მიიჩნევს

სახალხო დამცველი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის წესს დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
როგორც „კვირას” საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული შეზღუდვა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ნებისმიერი პირისთვის გათვალისწინებული იყო 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც 2009 და 2012 წლებში დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით, მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს შეუნარჩუნდათ. ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ იმ მებრძოლებზე გავრცელდა, რომლებმაც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, შესაბამის ორგანოს 2009 წლის 5 ნოემბრის შემდეგ მიმართეს.
შედეგად, დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა ნაწილი იღებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიას საპენსიო ასაკის მიუხედავად და მეორე ნაწილი მის მიღებას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეძლებს.
სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული შეზღუდვა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე წლებია, მოითხოვს ამ დისკრიმინაციული წესის გაუქმებას. საკითხი არაერთხელ მოხვდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. იგი ასევე, გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც და 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს დადგენილებით, მთავრობას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა გათანაბრება დაევალა. მიუხედავად პარლამენტის დავალებისა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით თანხის განსაზღვრა არ იგეგმება, რის გამოც საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამხედრო პირთა უფლებების დაცვას და მისი რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები