დოდო გუგეშაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი და ფონდ „მოლოდინის“ წევრი ბელა ზალდასტანიშვილი ვეტერანების პრობლემებთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ვეტერანების მდგომარეობის შესახებ ივანიშვილს ინფორმაცია არ აქვს.
„წინა ხელისუფლების პირობებში, ვეტერანებს აკადრეს 22 ლარი და ეს იყო მათი ერთადერთი შემოსავალი. დღევანდელი ხელისუფლების დროს, კონკრეტულად ივანიშვილის მეცადინეობით, მოხდა ის, რომ თუ ადრე ვეტერანებს კანტორასავით დეპარტამენტი ჰქონდათ, გვაქვს უკვე სახელმწიფო სამსახური, თავისი ბიუჯეტით. რომელიც გასცემს საგარანტიო წერილებს, თუ ვეტერანის დაზღვევა ვერ წვდება იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს ვეტერანის ჯანმრთელობას, მხედველობაში მაქვს წამალი, გამოკვლევა. ომში დაღუპული გმირების ოჯახებს აქვთ 1000-ლარიანი სუბსიდია.
პრობლემაა ის, რომ დარჩა ისევ 22-ლარიანი სუბსიდია. მივმართავ, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას: არ ვიცით და არ გვესმის, იქნებ მათ აგვიხსნან და გვასწავლონ 22 ლარი ვეტერანმა როგორ გადაანაწილოს – გადაიხადოს შუქის, გაზის ფული, საჭმელი მიიტანოს სახლში. 73 000 ვეტერანია საქართველოში. ძალიან კარგია, რაც გაკეთდა და მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ დიდ საყვედურს ვეუბნებით 22 ლართან დაკავშირებით, ვეტერანების შესახებ კანონის მიუღებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გუგეშაშვილმა.
აფხაზეთის ომში დაღუპული ოთხი შვილის დედამ, ფონდ „მოლოდინის“ წევრმა, ბელა ზალდასტანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ვეტერანები მძიმე მდგომარეობაში არიან.
„აფხაზეთში დაღუპულების ოჯახებს სააკაშვილმა ყველაფერი მოგვიხსნა. 20 ლარს გვაძლევდნენ და ისიც მოგვიხსნეს. ამ მთავრობამ მოგვცა 1000-ლარიანი დახმარება. მადლობას ვუხდი მათ, ჩვენი ნაომარი ბიჭების ოჯახების სახელით. მათ შვილები გადმოგვისვენეს, 23 წელი ჩვენი შვილები იყვნენ იქ, უპატრონოდ დასვენებულები.
მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, ჯანმრთელობაშერყეულ ვეტერანებს მიხედონ. ბატონ ივანიშვილს ვთხოვ, შეგვხდეს და ჩვენი გულისტკივილი პირადად მოისმინოს, ვეტერანებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბელა ზალდასტანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები