საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 9 ნოემბერს ღია კარის დღე გაიმართება

0

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ინიციატივით, 5-9 ნოემბერს “პროფესიული განათლების კვირეული 2018” ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ ღია კარის დღე განსხვავებულ ფორმატში გაიმართება.
როგორც “კვირას” საზოგადოებრივი კოლეჯიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეული არიან როგორც სახელმწიფო, კერძო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, საგანმანათლებლო სივრცის და პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები.
“ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი აქტივობები: 1.კოლეჯში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი მიმოხილვა და ახალი პროგრამების პრეზენტაცია შემდეგი პროფესიებისათვის : 1) შემდუღებელი 2) ელექტრიკოსი 3) კონდიცირების სპეციალისტი 4) ჰიდროტექნიკოსი წყალმომარაგების დარგში 5) ჰიდროტექნიკოსი წყალარინების დარგში 2.დაჯილდოება პროფესიული განათლების განვითარებაში ხელშეწყობისა და საერთაშორისო პარტნიორის -Pearson Education Limited, ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC – Business and Technology Education Council) -საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული მონაწილეობისათვის. მადლობის სიგელები გადაეცემათ კოლეჯი „სპექტრის“ პედაგოგებს. 3.ღონისძიების მონაწილეთა შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან. 4.კოლეჯის ინფრასტრუქტურის გაცნობა-დათვალიერება. 5.კომპანიების ლაბორატორიების გახსნა: კომპანია „ნოვა“; კომპანია „მეგადრორსი“. 6.წარმატების ისტორია – კოლეჯი „სპექტრის„ კურსდამთავრებულის, არჩილ გობეჯიშვილის სოციალური საწარმო „დადარი“ და შშმ პირების მიერ წარმოებული სათამაშოების გამოფენა. 7. ინკლუზიური პროფესიული სწავლების შესაძლებლობა „სპექტრში“. სიახლე პროფესიული განათლების სივრცეში: საზოგადოებრივი კოლეჯის, „სპექტრის” ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები „ყრუთა კავშირთან” ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ჟესტურ ენას შეისწავლიან, რაც ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებულ სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას. 8. კოლეჯი „სპექტრის“ კურსდამთავრებულთა წარმატება საერთაშორისო ბაზარზე. (ჩეხეთი, პოლონეთი , გერმანია) 9.გზავნილი საზოგადოებას: შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის მკვეთრი დისბალანსის შესახებ.
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მუდმივი კონტაქტი აქვს კერძო სექტორთან. პოტენციური პარტნიორების გაცნობისა და მათი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, სასწავლებელში ეწყობა შეხვედრები, ბიზნესფორუმები, ხორციელდება სხვადასხვა ხელშეკრულებების/მემორანდუმების გაფორმება და სხვა აქტივობები.
ბიზნესთან/კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო სექტორის ჩართულობა კოლეჯის საქმიანობაში, რამაც ცხადყო შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის მკვეთრი დისბალანსი, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის უნარების შეუსაბამობით შრომის ბაზრის მოთხოვნებთან”,- ნათქვამია კოლეჯის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს, საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად. პროფესიული განათლების მიზანი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა, კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა, შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად, საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაციაა.
დაგეგმილია სიახლეც, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის” წარმომადგენლებმა პროექტის – “პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლება” – ფარგლებში, ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბერში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 25 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაცია იყო.
მიმდინარე პროექტის შედეგები ცხადყოფს სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სივრცისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას – საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაც შესაძლებელს გახდის, აღმოიფხვრას შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებას შორის.

კომენტარები

კომენტარი