მანდატურის სამსახური არ გაუქმდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მანდატურის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტროს ცნობით, მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში. სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუსჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში.
“რეფორმიდან გამომდინარე, მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და, შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილველად. რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა. მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (skype) გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალური ელექტრონული საქმისწარმოების სისტემას”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.