“გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ი.ნ. მკვლელობისთვის არ იხდიდა სასჯელს და ის “ქართულ ოცნებას” არ გაუთავისუფლებია”

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული იაგო ნებიერიძის მიმდინარე წლის 9 თებერვალს საპატიმროდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფაწერა, საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება უღირსი საქციელია.
მისი განმარტებით, იაგო ნებიერიძე საპატიმროში 2005 წელს თანხის გამოძალვისთვის მოხვდა და 3 წელი მიუსაჯეს, ხოლო 2009 წელს ის ისევ საპატიმროში, ყაჩაღობის გამო დაბრუნდა და რომ არა პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.
მისივე თქმით, მცდარია ის მოსაზრება, თითქოს, ნებიერიძე მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს და “ქართულმა ოცნებამ” ის გაათავისუფლა.
“ბავშვის მკვლელ იაგო ნებიერიძის შეწყალებასთან დაკავშირებით:
• რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა.
• რეალურად, ამ შემთხვევამდე, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამ მუხლებს კი ამნისტია არ ეხებოდა! ასეთ პატიმრებს, ციხეში არსებული სასტიკი პირობებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი 4 წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია! პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო.
უფრო კონკრეტულად კი:
2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა.
3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო. 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და 4 თვე მიესაჯა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.
2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით და 25 დღით.
27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა.
რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და “ქართულმა ოცნებამ” ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს.
იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე!
• ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნების“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდებების გაჟღერება!”-წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები