“აივნიდან ფული გადმოგვიგდე, თორემ ბავშვი დაიღუპებაო” – რას ჰყვება 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა

გორში, 2004 წლის პირველ ნოემბერს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ, ბავშვი აღარავის უნახავს. ეს შემზარავი ისტორია მაშინ გაცოცხლდა, როცა, ისევ გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი მოკლეს. ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იაგო ნებიერიძე ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა – ის ბერძნიშვილებს 20.000 დოლარს სძალავდა. გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი დღემდე ნებიერიძეს ადანაშაულებს, თუმცა მას ეს დანაშაული არ უღიარებია და საქმეში მისი მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა.
“კვირის პალიტრა” 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედასთან, ხათუნა რაზმაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
– ზაქრო 2004 წლის პირველ ნოემბერს გაიტაცეს… გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.
– ამასობაში არავინ დაგკავშირებიათ?
– ორი წერილი მივიღეთ. პირველში,­ რომელიც კართან დაგვიგდეს, ეწერა, რომ თუ 20.000 დოლარის გადახდაზე­ თანა­ხმა ვიყავით, თეთრი ზეწრები გამომეფინა­. მეორე წერილი მაწანწალა ბავშვმა მოგვიტანა და გვითხრა, უცხო კაცმა გამომატ­ანაო. მასში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხულობდა. მოითხოვდნენ, ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა გადაგვეგდო, თორემ ბავშვი დაიღუპებოდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე გვწერდა, მაგრამ მან მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ამიტომ წაუყენეს ბრალი გამოძალვაზე.
მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო. ეგ და მამამისი ავტოფარეხს გვიშენ­ებდნენ. ზაქრო ერთი თვის რომ გახდა, ჰიდროცეფალია დაუდგინდა და მას მერე ვმკურნალობდით – თავზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. ნებიერიძემ იცოდა, ბავშვისთვის არაფერს დავზოგავდით და უკან არ დავიხევდით.
ზაქრო სულ მამა-შვილი ნებიერიძეების გვერდით იყო. სადილის დროს ჩავიდოდა და მუშებს­ სახლში ამოიყვანდა ხოლმე. იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და … გაქრა. როცა ბავშვს ვეძებდით, მამა-შვილი­ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მოდიოდა, არადა, ჩანს, ინფორმაციას აგროვებდნენ… მერე ეს უბედურება დაგვატყდა თავს..
20 ოქტომბერს ზაქრო 25 წლის გახდა, დაბადების დღე გადავუხადეთ, ხუთ დღეში კი გავიგეთ, რომ ნაძირალა ნებიერიძემ პატარა ნანიკო მოკლა! ეს ჩვენთვის საშინელება იყო…ტრაგედია დედაჩემის უბანში დატრიალდა – სახლი, რომლის სარდაფშიც იმ მანიაკმა ნანიკო მოკლა, დედას სახლის მოპირდაპირედ დგას. ამ ამბავმა ყველას თავზარი დაგვცა. 25 ოქტომბერს ხელახლა დავკარგეთ ჩვენი შვილი.
– რამ გაგიმყარათ ეჭვი, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე გწერდათ?
– იმ ბავშვმა გვითხრა, გზის იქით დგას ის ბიჭი, ვინც წერილი გამომატანაო. ჩემი მეუღლე გავიდა, თეთრქურთუკიანი ბიჭი კი მის დანახვაზე გაიქცა. მეორე დღეს აღიდგინა, ეს ის იაგო იყო, ჩვენ რომ ავტოფარეხი გაგვიკეთაო…ნებიერიძე რუსთაველის ქუჩაზე, ცხრასართულიან სახლში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად მის სახლში ავიდა და საკიდზე ზუსტად ის თეთრი ქურთუკი დაინახა. ამის მერე, იაგო მალევე დააკავა პოლიციამ. 14 წელი, იმ იმედით ვარ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. იქნებ მონასტერშია, ან სადმე… შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე დაგვპირდა, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ. დღეს ნანიკოს ამბით არის ყველა შეძრული, მაგრამ იმათ მიცვალებული მაინც ჰყავთ და იციან, რა მოხდა, ჩვენ კი, 14 წელია, გაურკვევლობაში ვართ. ნებიერიძეს გორში არავინ იცნობს, უტყვი და კარჩაკეტილი ყოფილა. კლასელებიც ამბობენ ხმას არ იღებდა, არც ახლობელი ჰყავდა, არც მეგობარიო. მალე გორელები მოვითხოვთ, რომ ეს ოჯახი ქალაქიდან გაასახლონ. მამაც გამოვიდეს იმ ეკლესიიდან, ექვსი წელი თავი რომ აქვს შეფარებული. დედა დამლაგებელია და ამ ამბის მერე სამსახურიდან გამოაგდეს.

​წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები