მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში, ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული აქცენტები სრულად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობას.
“ჩვენ კონკრეტული გზანილი მივიღეთ საზოგადოებისგან და ბუნებრივია, მას სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. საზოგადოება საჭიროებს სწრაფ შედეგებს, გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ, გავიაზრეთ ეს გზავნილი, ვიცით რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მოკლე დროში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა იმ წინაპირობებზეც ისაუბრა, რომლებიც საზოგადოების აღნიშნულ გზავნილს წინ უძღოდა. მისი თქმით ერთ-ერთი არის ის, რომ სამწუხაროდ, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.
“მათი გზავნილი არის ძალიან ობიექტური. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამასთან ერთად, გვესმის, რომ ეკონომიკური გამოწვევები ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით, რეგიონში გაზრდილი ტურბულენტობის ფონზე, შესაბამისად, საჭიროა ჩვენი სოციალური პოლიტიკის დაკორექტირება და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. გაცილებით მეტი პროგრამაა გასაკეთებელი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. აუცილებლად შესაქმნელია ახალი შესაძლებლობები ჩვენი პედაგოგებისთვის და ამავე დროს ახალგაზრდებისთვის. სწორედ ახალგაზრდული პოლიტიკა არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ ეკონომიკურ გამოწვევაზე ვისაუბროთ, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ, ამავე დროს, მინდა დარწმუნდეთ, გვაქვს სრული მზაობა, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ადეკვატურად, ისე, რომ უმოკლეს ვადებში საზოგადოებამ ეს იგრძნოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები