“გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო.
“შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.
“ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლის უნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს. ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.