“ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას; დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს” – პაპუაშვილი

“ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან.

თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა.

ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები