ლევან ჯაფარიძე “ნაციონალურ მოძრაობას”: არ დაგანებებთ საქართველოს გაუბედურებას

თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გამარჯვებას დაუშვებლად მიიჩნევს.
შესაბამის პოსტს ჯაფარიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას მწვავედ აკრიტიკებს.
“არ დაგანებებთ საქართველოს გაუბედურებას!!!
გადავწყვიტე, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, ცივი გონებით, ცხელი გულითა და ყელზე მომდგარი სიბრაზით, გამოვეხმაურო საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას.
გულწრფელად მინდა გითხრათ, ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ არ გამხსენებოდა იმ 9-წლიანი სადისტური რეჟიმის, ჯოჯოხეთად ქცეულ პერიოდში გატარებული განცდები, რაც გადაიტანა ჩემმა, ჩემი მეგობრებისა და საქართველოში მცხოვრებმა მრავალმა ოჯახმა. მიუხედავად ჩემში არსებული ყელზე მომდგარი ბოღმისა და სიძულვილისა, რომელიც პირსისხლიანი ხელისუფლების მიმართ გამჩენია, არცერთხელ არ მიცდია სამაგიერო გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს იმ პერიოდში, რადგან არ მინდოდა ჩემს შვილებს ენახათ და დაეჯერებინათ, რომ ბოროტების დამარცხება მხოლოდ ბოროტებითვეა შესაძლებელი! თუმცა, რაც მოგვიტანა ასეთმა მიდგომებმა, ნათლად დავინახეთ – ფაქტი სახეზეა! იმ პერიოდში ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი არჩევანი იყო, რომელიც გათვითცნობიერებული მქონდა და ამიტომაც არ ვნანობ და არ ვწუწუნებ იმ პერიოდში ჩემ მიერ გადადგმულ არცერთ ნაბიჯზე.
მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით, ჩემს ოჯახს ბოდიში უნდა მოვუხადო იმ სტრესის გადატანის გამო, რაც ჩემი ამ არჩევანის გამო გადაიტანეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, განსაკუთრებით, მამის წინ შვილის გამაუპატიურებელი რეჟიმის მომხრეებს, რომლებიც ხელის გულების სრესვით ელოდებით არჩევნებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს მისცეთ ხმა, – მე თქვენთან აღარ მინდა რაიმე საერთო მქონდეს! ამიტომ, ან თქვენ თვითონ ამომშალეთ მეგობრებიდან, ან მომწერეთ, რომლები ხართ და მე ამოგშლით ჩემი ცხოვრებიდან. დღეს რომ არჩევნების მოგების შანსი გაგიჩნდათ, ეგ არამარტო ერის ტრაგედიაა, არამედ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა და ამიტომ, ყველა ჩემს მეგობარს, ჩვენს მომხრესა და საქართველოს პატრიოტ ადამიანს მოვუწოდებ, – გამოვაცხადოთ ქუდზე კაცი, კიდევ ერთხელ შევეხმიანოთ ერთმანეთს და ჩვენ დავგეგმოთ საქართველოს ხვალინდელი დღე! არ მივცეთ სადისტებს პატარა შანსიც კი იმისა, რომ დაცინვითა და თითის ქნევით გველაპარაკონ! დიახ, ჩვენ ეს თავისუფლება ჩვენი სისხლით, ოფლითა და ჯანრთელობის ფასად გვაქვს მოპოვებული! გავაგებინოთ ყველას, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენ კიდევ ცოცხლები ვართ და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას! ნაც-ჯალათთა გასაგონად კი კვლავ გავიმეორებ: არ დაგანებებთ საქართველოს გაუბედურებას!”, – წერს ლევან ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები