კახაბერ ოქრიაშვილმა საქართველოში ყაზახეთის პარლამენტის წევრები მოიწვია

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, საქართველოში ყაზახეთის სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვისა და საქართველოს პარლამენტის ყაზახეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის ორგანიზებით, ქართულ-ყაზახურ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე ფორმატები სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურისტულ სფეროში.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, 2018 წელს შეინიშნება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის დინამიკა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალსა და აუცილებლობას.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში ყაზახეთის ინვესტიციების მთავარი ფლაგმანების, ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის საქმიანობის საკითხებიც.
ყაზახეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ლევან კობერიძის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ციფრული თანამშრომლობის პლატფორმა. გარდა ამისა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, უნდა გაიმართოს მოსმენა ყაზახური ინვესტიციებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობების თემაზე.
ყაზახეთის ელჩმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ შესთავაზა აქტიური ჩართულობა საერთაშორისო ფინანსური ცენტრის „ასტანას” მუშაობაში, რომელიც ცენტრალური აზიის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისათვის, კახაბერ ოქრიაშვილმა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოში ყაზახეთის პარლამენტის წევრები მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები