დევნილ ოჯახებს 400 ბინას გადასცემენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ჩვენ სურვილი გვაქვს, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ვეტერან-დევნილებზე და მეტად შევუწყოთ ხელი ასეთ ოჯახებს“, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ასევე დაადგინდა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და ვადები. ამ ეტაპზე, სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის. პრიორიტეტი კი თბილისს მიენიჭება. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით გამოცხადდა.
მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, მენაშენეებისთვის ღია კარი დღე გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შედიან. ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების – „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები