გია ვოლსკი: ივანიშვილის დაბრუნებაც იმის მომასწავებელია, რომ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება

ბევრია ისეთი ადამიანიც, ვინც 2012 წელს აქტიური იყო, დღეს სხვა საქმით არის დაკავებული. ამ საერთო რესურსების გაერთიანებაზეა საუბარი. ერთობის გაძლიერებაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.
ვოლსკი თვლის, რომ ერთობის განწყობამ “ძალიან მოიკოჭლა”, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში.
„გამოგიტყდებით, რომ ერთობის განწყობამ ძალიან მოიკოჭლა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა და 2017 წლის არჩევნების შემდეგ, პარტიაც აღარ ჩანს ასპარეზზე. ივანიშვილის დაბრუნებაც იმის მომასწავებელია, რომ ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება. იგივე სამართლის აღდგენის საკითხებს, არ შეიძლება ასე ნელა მუშაობდეს ეს მექანიზმი, როცა დაზარალებულები ძალიან ბევრნი არიან და ეს არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალურ საკითხებში, ბევრი სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი. სისხლის სამართლის საქმეების უამრავი საქმე და გაღატაკებული ხალხის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ ამ საკითხების მოგვარებას სწრაფი მოქმედებები სჭირდება. ამისთვის საჭიროა, მობილური ჯგუფების შექმნა და მართვის სისტემის აბსოლუტური გადალაგება. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში “ქართული ოცნების ძველ გვარდიასაც” მიმართა.
ბიძინა ივანიშვილი მათ მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დადგნენ მის გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები