რა მიზნით სტუმრობდნენ პატრიარქს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები?

“რა მიზნით სტუმრობდნენ პატრიარქს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები”,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი”.
“როგორც ჩანს, არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ძალები საპატრიარქოში ვიზიტებით მორწმუნე მრევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. ბოლო დღეებში პატრიარქთან შეხვედრის რიგში ბევრი ისეთი პოლიტიკოსიც ჩადგა, რომელთაც მანამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით ხელში სანთლებით და მისიონერული გამომეტყველებით… თუმცა პოლიტიკაში, ალბათ, ყველაფერი „მოსულა“…”,- წერს გამოცემა.
2 ნოემბერს საპატრიარქოში მმართველი გუნდი ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას შემადგენლობით გამოცხადდა. საუბრის თემა – კანაფის ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი. მღვდელმთავრებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის ფონზე, ცხადია, ეს შეხვედრა მოსალოდნელიც იყო, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, რადგან „ქართულ ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ „კანაფის პროექტმა“ მმართველ გუნდს მხარდამჭერების დიდი ნაწილი დააკარგვინა. მოკლედ, პატრიარქთან აუდიენცია იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვია და ლეგენდა „კანაფის პლანტაციების“ შესახებ წარსულს მიაბარა.
ამ შეხვედრიდან მეორე დღეს საპატრიარქოში ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოცხადდნენ. პატრიარქთან 25-წუთიან შეხვედრას საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები – ნიკა რურუა და გიორგი ვაშაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პატრიარქის ყოველი სიტყვა მისთვის მნიშვნელოვანია. მისივე ინფორმაციით, უწმინდესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ვაშაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შეხვედრისთვის დრო გამონახა.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, როგორებიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა. სხვათა შორის, ასეთივე ინციდენტი მოხდა ვაზისუბანშიც. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნისა და დატერორების ობიექტი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს მას. შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა. უღრმესი მადლობა უწმინდესს იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ვთხოვეთ შეხვედრა და თავისი გრაფიკის მიუხედავად, დრო გამონახა“, – განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ.
“ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრას წინ უძღოდა გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა „რესპუბლიკურ პარტიასთან“, რომელმაც მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებასაც პროგნოზირებს. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოდან გამოსულ გრიგოლ ვაშაძეს ვკითხეთ: იზიარებდა თუ არა ის „რესპუბლიკური პარტიის“ მოსაზრებას პატრიარქთან და ზოგადად, საპატრიარქოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კამპანიის მთავარ სამიზნედ საპატრიარქო აირჩია. რესპუბლიკელები კატეგორიულად მოითხოვენ საპატრიარქოსთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას. ამასთანავე, პარტია პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებს რუსული ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს გრიგოლ ვაშაძეს თუნდაც „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაიას ქვემოთ მოყვანილ განცხადებაზე… პრეზიდენტობის კანდიდატს, ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მეორე ტურამდე, ალბათ, მოუწევს”,- ვკითხულობთ გაზეთ “პრაიმტაიმის” დღევანდელ ნომერში.
თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტია“:
„როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ ქადაგებს, რაღა თქმა უნდა, ის ასრულებს ამ ფუნქციას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრიარქმა მონათლა გრაჩოვი (რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 1992-1996 წლებში. – ავტ.), ადამიანი, რომელიც გახლდათ აფხაზეთის მიტაცების ერთ-ერთი ავტორი. გარდა ამისა, საპატრიარქოს წარმომადგენლები ქადაგებების დროს პირდაპირ აკნინებენ ევროპულ ღირებულებებს. რუსული რბილი ძალის პოლიტიკა სხვა არაფერი არ არის. საქართველოში მან ტანკით თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა უკვე ამ გზით ცდილობს, დათესოს ნიჰილიზმი ევროპული ღირებულებების მიმართ… ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის სავალდებულო წესით დაფინანსება უნდა შეწყდეს და შემოვიღოთ, თუნდაც გერმანული მოდელი, სადაც მოქალაქეები ნებაყოფლობით აფინანსებენ ეკლესიას… თუ რომელიმე სოფელში მოსახლეობა იტყვის, რომ აი, აქ ეკლესია გვჭირდება და ჯანდაბას, მოხრეშილ გზაზე ვივლითო, კი ბატონო, რა უფლება გვაქვს, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ ნებას. მთავარი არის ის, რომ ეს უნდა ხდებოდეს სწორედ მოქალაქეების ნების საფუძველზე და არა სავალდებულო წესით“.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები