„ახალგაზრდა ადვოკატები“: მამუკა ხაზარაძე ხელშეუხებელია, რამაზ ახვლედიანი კვლავ დაზარალებული, ლისის ტბა – წართმეული

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სპეციალურ ბრიფინგი გამართა და ლისის ტბის საქმეზე ისაუბრა.
“საზოგადოებამ 2 ნოემბერს მოისმინა „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში საკუთარი ბიზნესის დათმობის მცდელობებზე. საზოგადოებამ 4 ნოემბერს მოისმინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ მაშინდელმა მთავრობამ მამუკა ხაზარაძეს ლისის ტბა საკუთრებაში გადასცა და შეუქმნა მხარდამჭერი გარემო და ამ ვითარებაში, არავის ახსენდება ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ და მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ მაშინდელი გარიგებების შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს ლისის ტბა. რამაზ ახვლედიანი უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეხუთე მთავარი პროკურორისგან ელოდება სამართლიანობის აღდგენას და დაზარალებულად ცნობას. პროკურატურა საქმეს არ იძიებს, შედეგს არ დებს, რაც უკვე შერჩევითი სამართალია”,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურორ შალვა თადუმაძეს საქმეზე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე უკვე მეორედ მიმართავენ.
“მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით კი განხორციელებული ღონისძიებები – არასაკმარისია. საქმეზე დაკითხული არ არის საჯარო მოხელეები, რომლებმაც განახორციელეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების ნების საწინააღმდეგოდ დათმობაზე. მხარემ აღნიშნული პირების დაკითხვის მოთხოვნით, პროკურატურას ჯერ კიდევ 2017 წლის 13 თებერვლის დასაბუთებული განცხადებით მიმართა. საქმეზე დაკითხული არ არის მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ქონების დათმობის პროცესში, წარმოადგენდა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, დუმილი ამჯობინა და ამით, გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს და მაშინდელ ხელისუფლებას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, საგამოძიებო უწყებამ დაკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ასევე მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.
ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მსჯელობს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარზე. რამაზ ახვლედიანის საკუთრების უფლებები, 2012 წლის შემდგომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა აღდგენილი, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სრულად დააკმაყოფილა ბიზნესმენის კომპანიის „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი – ლისის ტბის“ სააპელაციო საჩივარი და სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები”,- აცხადებს“ახალგაზრდა ადვოკატები”.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები