ვახტანგ შაქარიშვილი: საქართველოში არეულობა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობს

საქართველოში არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს აწყობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება რევანშის გზით სურს.
„ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის ფონის შექმნას, კეთდება პირდაპირი განცხადებები იმაზე, რომ ქვეყანაში ამ ყველაფერმა, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული დაპირისპირება. ეს ერთადერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ერთადერთ ადამიანს და ერთადერთ ქვეყანას ემსახურება. ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ერთადერთი ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი და ეს ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი. ერთადერთი, ვისაც ჩვენს ქვეყანაში აწყობს დაძაბულობა, არეულობა, დესტაბილიზაცია, ეს არის რუსეთი. „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ქმნის ყველაზე ხელსაყრელ ნიადაგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანების ფიქრი არის ერთადერთი – ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ამ ქვეყანაში, ოღონდ ისინი დაბრუნდნენ ძალაუფლებაში.
საქართველოში არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს აწყობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს არის მისი პირადი ინტერესი, იმიტომ რომ ის ამ ქვეყანაში, ძალაუფლებაში დაბრუნებას მხოლოდ არეულობის გზით ხედავს. ეს არის მისი ინტერესი. გვახსოვს მისი და მისი ახლო ნათესავის განცხადებები, როცა საუბრობენ, თუ როგორ დაიღალნენ ამ ყველაფრის მოლოდინში, როგორ დაიღალნენ რევანშზე ფიქრსა და სურვილში, შესაბამისად, ისინი ითხოვენ მოქმედებებს იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს აქ მათ საქმეს აკეთებენ. ესენი არიან რუსი ე.წ. პიარშიკები, ეს არის რუსეთის, ალასანიას, „კაგებეს“ გენერლების, სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარი, რასაც კარგად აღასრულებს და ეხმარება მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“, ეს არის მათი ნარატივი, დღის წესრიგი. კარგად გვახსოვს ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებები, რომელიც ადამიანებს დევნით ემუქრებოდა, ემუქრებოდა ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან განდევნით, ემუქრებოდა სპორტსმენებს, ბიზნესმენებს, კულტურის სფეროს მოღვაწეებს“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, მომზადებული იმისათვის, რომ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს ამ ძალადობაზე, ბოროტებაზე, წარსულში დაბრუნების მცდელობაზე. ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ამას არჩევნების მეორე ტურში დავადასტურებთ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები