ვის რა საქმეზე შეიწყალებს გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში?

„რა თქმა უნდა, შევიწყალებ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც, ცააძესაც…“ – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებამ საზოგადოებაში მკვეთრად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია და ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: რისთვის იბრძვის რეალურად გრიგოლ ვაშაძე – პრეზიდენტის პოსტისთვის თუ ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებისთვის? რაც, მათ შორის, ნიშნავს იმასაც, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომლის მიმართაც ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული და დაუსწრებლად ოთხი ბრალდება აქვს წარდგენილი.

გაზეთმა „პრაიმტაიმი” წერს, კონკრეტულად სისხლის სამართლის რა საქმეებზე შეიძლება შეიწყალოს ყოფილი მაღალჩინოსნები გრიგოლ ვაშაძემ, თუკი მას ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტის მანდატს ჩააბარებს.

“დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილით… როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული მართლმსაჯულება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოთხ ბრალდებას უყენებს, ესენია: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 მილიონ 837 ათასი ლარის გაფლანგვა, რომელსაც ზოგი ე.წ. „პიჯაკების საქმედ“, ზოგი კი „ბოტოქსების საქმედ“ მოიხსენიებს; 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები (მათ შორის მშვიდობიანი აქციის დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევა); დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალება”,- წერს გამოცემა.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლად 2014 წლის აგვისტოში წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის აპრილში გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების  დაფინანსება. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. გამოძიების ინფორმაციით,  2009-2012  წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში  დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე დახარჯულია 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსისა“ და ეპილაციის  პროცედურების ჩასატარებლად, მათ შორის მიუნხენსა და ნიუ-იორკში.

პროკურატურას სასამართლოში, მტკიცებულების სახით, წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვა „საიდუმლო“ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც ირკვევა, რომ, მაგალითად, პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით  სულ გახარჯულია 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ეს და სხვა ბევრი ხარჯი უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „საიდუმლო“ პატაკით ფორმდებოდა, თუმცა საიდუმლო ხარჯების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 მილიონ ლარზე მეტი.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. გამოძიება ირწმუნება, რომ დეპუტატზე ანგარიშსწორებას წინ უძღოდა 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რაც „წარმატებით“ განხორციელდა კიდეც.

2014 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, ამჯერად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. პროკურატურაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. რაში გამოიხატებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა სანდრო გირგვლიანის საქმეში? როგორც ცნობილია, გირგვლიანის მკვლელობა იმ დროის მძლავრი საპროტესტო მოძრაობის საფუძველი გახდა. ოპოზიცია და საზოგადოება ხელისუფლებას შსს-ს მაღალჩინოსნების დასჯას სთხოვდა. გამოძიება ირწმუნება, რომ 2006 წლის თებერვალში გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა, რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის  თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც – გერონტი ალანია. ამ გზით, კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან. ბრალდების მიხედვით, გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების  შემდეგ, იმავე დღეს, სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც, ასევე, შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდადების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას.

„2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდადებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან  დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“, – ასეთია პროკურატურის ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილს, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე, 2014 წელს წაუყენეს ბრალი 7 ნოემბრის ეპიზოდზეც. საქმე ეხება მშვიდობიან მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დაუფლებას.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში „ტელეიმედით“ გაშუქდა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში „ტელეიმედის“ ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა პატარკაციშვილის ლიკვიდაციას.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ყოველივე ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია „იმედის“ საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის მიზნით. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში „ტელეიმედი“ გაეცვალა „საქართველოს რკინიგზაში“, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი.

2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ბრალდების მიხედვით, 4 ნოემბერს, სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც თავად მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსი დათა ახალაია, თბილისის  მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები. და აი, რა წერია ბრალდების დადგენილებაში:

„მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი.

მერაბიშვილმა თათბირის დროს წარმოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები – გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, სცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება. თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება – ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა მომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებულ იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს  ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები.

„სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ამას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა და მაუწყებლობის გაჩერება. პარალელურად სამართალდამცველები შეიჭრნენ პატარკაციშვილის კუთვნილ „მთაწმინდის პარკშიც“, თავად ბადრი პატარკაციშვილი კი სახელმწიფო შეთქმულებაში იქნა მხილებული. პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, ბიზნესმენის ქონება, მათ შორის ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.

რაც შეეხება სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს… გრიგოლ ვაშაძის შესაწყალებელთა სიაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ამჟამად სასჯელს ექვსი ბრალდებით იხდის. ესენია: ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, 7 ნოემბრის მოვლენები, აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე, 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევა, გირგვლიანის მკვლელობის საქმე, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კვარიათის აგარაკის ეპიზოდი.

ბაჩო ახალაიას ბრალი ედება შემდეგ საქმეებში: პატიმართა წამების საქმე (ე.წ. ნათვლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდი), პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმე, ე.წ. ციხის ბუნტის საქმე და სანდრო გირგვლიანის საქმე.

გამოძიება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე ედავება ბაჩო ახალაიას ძმას, კუდის ყოფილ დირექტორს დათა ახალაიასაც. მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი: ნათვლუღის სპეცოპერაციის საქმეზე; მოდულის შენობაში პოლიციელების – მალხაზ აზარაშვილის, ზაზა მესხისა და დავით კურცხალაიას ცემის ფაქტზე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე; 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მასობრივი დარბევა-დაპატიმრების საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.

გრიგოლ ვაშაძის მიერ ნახსენებ შესაწყალებელ პირთა შორის მოხვდა გიორგი ცააძეც, რომელსაც ბრალი კორტების სპეცოპერაციის საქმეზე (ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა) წარუდგინეს. ამავე საქმეზე სასჯელს იხდის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც ასევე ბრალი ედება ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში.

ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ექვსი ბრალდება: აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე, 7 ნოემბრის მოვლენებსა და „ტელეიმედის“ ეპიზოდზე, „იბერია ტივის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე, კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე, პატიმართა წამების საქმეზე და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე.

ქართული მართლმსაჯულება, ასევე, დაუსწრებლად ასამართლებს სოდის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას, რომელსაც ბრალად ედება „ტელეიმედის“ დარბევა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორება და ძვირად ღირებული ავტომობილების ჩამორთმევა.

ყოფილი და ამჟამად ბრალდებული მაღალჩინოსნების სია საკმაოდ ვრცელია, მათ შორის არიან პატიმრებისა და სამხედრო მოსამსახურეების წამებაში, სექსუალურ ძალადობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შექმნასა და სხვა სახის მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირები. მაგალითად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი რომა შამათავა, რომელსაც ბრალი ედება დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მათგანი 2008 წელს აჭარის კუდის კუთვნილი კატერით შავი ზღვის სიღრმეში შეიყვანეს და მოკლეს, ცხედრები კი ზღვაში გადააგდეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე შეწყალებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს, მიხეილ სააკაშვილის რიტორიკაც მომენტალურად შეიცვალა:

„რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მიმაჩნია, რომ აქაც უნდა იყოს კანონის უზენაესობა დაცული, მე მგონია, რომ ხელაღებით არაფერი არ უნდა მოხდეს, ვაშაძემ უნდა მოისმინოს, მათ შორის, თუნდაც ამ ქოცპროკურატურის არგუმენტები – იქნებ ვიღაცა მართლა წამებაში იყო, იქნებ რაღაცა… მე, მაგალითად, ვიცი, რომ ახალაია გასამართლებულია კანონიერი ქურდების ჩვენებით, მაგრამ მოვისმინოთ, იქნებ რამე აქვთ, იქნებ რამე აქვთ სხვებზე, იქნებ რომ შამათავა მართლაც ის გმირი არაა, მე რაც ვიცოდი და არის ცივსისხლიანი მკვლელი, რა ვიცი, იქნებ მართლა რაღაცა აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები