გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში 31 651 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ შემოვიდა, მათ შორის 19 180 საქმე წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც 9 თვის ანგარიშია ასახული.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 9 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 181 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება – 2 663 შემთხვევაში.
“სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად, იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.
აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები