მეორე ტური – რა ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლება და რისთვის დასჭირდა ოპოზიციას ოდიოზურ ფიგურებთან შეკვრა

2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მაღალი შედეგი არჩევნებზე არ დაუდვია, თანაც ეს გაყოფისა და რიგ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ მძაფრი ბრალდებებისა და კრიტიკის ფონზე; „ქართულ ოცნებას“ კი პირიქით, ასეთი დაბალი შედეგი ჯერ არ ჰქონია. გარკვეული ფონი ამ შედეგსაც ჰქონდა – პარტიამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატს. ექსპერტებმა, ვინც საარჩევნო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს, მაშინვე განაცხადეს, რომ ეს მმართველ ძალას ხმების მობილიზებას გაურთულებს. ასეც მოხდა, ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უნდა მიეცა ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის ან რატომ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილისთვის.

რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა პირველი ტურის შედეგები. საინტერესოა, რომ, როგორც 2012 წელს, ახლაც ისე ჩანდა, რომ მიღებული შედეგით ორივე მხარე გაოცებული დარჩა. მაშინაც ისე გამოჩნდა, რომ „ოცნება“ არ ელოდა ხელისუფლებაში მოსვლას, ნაციონალები კი – ოპოზიციაში გადასვლას.

პირველი ფაქტორი

საპრეზიდენტო მარათონისთვის კანდიდატების შერჩევის სტილი და მანერა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად შორს არის ჩვენი პოლიტიკური სისტემა ევროპულისგან, თუმცა, ორიენტაციაც ევროპული გვაქვს და ამაყადაც ვაცხადებთ, რომ ევროპა ვართ.

არცერთმა ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშემ კანდიდატურა შიდაპარტიული პრაიმერისის გზით არ შეარჩია. გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო, სალომე ზურაბიშვილი – ივანიშვილის და მას ეს არც დაუმალავს.

უბრალოდ, ნაცებმა საკუთარი ლიდერის ერთპიროვნული გადაწყვეტილება დემოკრატიულად შეფუთეს, მმართველმა ძალამ კი – არა.

ამიტომაც წინასაარჩევნო მარათონის სტარტზე, ისე ჩანდა, რომ უპირატესობა ნაციონალებმა მოიპოვეს, თუნდაც იმ ილუზიის შექმნით, რომ ისინი ბევრნი არიან, გრიგოლ ვაშაძე კი „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერია.

მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას მმართველი ძალის ელიტაც კი ვერ მალავდა და მალევე გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც გიორგი მარგველაშვილი თავის დროზე, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

რეალურად გრიგოლ ვაშაძეც, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა შეარჩია. ისევე როგორც შეარჩია ზაალ უდუმაშვილი და ამის გამო მან „რუსთავი 2“-ის წამყვანობაზეც კი უარი თქვა. უბრალოდ, ნაციონალებმა მათი ლიდერის გადაწყვეტილება კარგად შეფუთეს და დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინეს.

თამაშის დროს კულისები ნაკლებ  დატვირთვას იძენს, როცა სცენაზე ფოიერვერკს გთავაზობენ. ხალხი სცენას უყურებს და მოქმედებით არის გართული, დრაივი კი ნაციონალებს არასოდეს აკლდათ.

და როცა საქმე მხოლოდ ტექნიკაშია, აქ „ქართული ოცნება“ მოიკოჭლებს ხოლმე.

მეორე ფაქტორი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალურად აგრესიული საარჩევნო კამპანია აწარმოა, „ქართულმა ოცნებამ“ კი – არა. ვაშაძის მომხრეებმა, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენეს ყველა ის ნეგატივი, რაც დაგროვდა. შეაგროვეს ყველა გაბრაზებულის ხმა.

ამ ნეგატივს „ქართულმა ოცნებამ“ პოზიტიური ვერაფერი დაუპირისპირა, ისინი ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ, ეპასუხათ მძიმე ბრალდებებზე, ფარულ ჩაწერებზე და ასე შემდეგ.

თავის მართლების პოზაში ჩამდგარი მმართველი ძალა საკუთარ ელექტორატს პოზიტიურ და იმედისმომცემ მესიჯებს ვერ უგზავნიდა.

მან ვერ დააბალანსა ნაციონალების აგრესია ახალი და საინტერესო, პოზიტიური ხედვებისა და გეგმების შეთავაზებით.

ამიტომაც ელექტორატის დიდი ნაწილი არჩევნების მიმართ გულგრილი დარჩა. ძველი არ უნდოდა და ვერც მოქმედში დაინახა საკუთარი თავი მომავალში.

რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი გაკეთდა აგვისტოს ომის მიმართ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პოზიციაზეც.

ასე რომ, არჩევანი გაკეთდა ისევ ანტის და არა ვინმეს სასარგებლოდ.

ანტი, როგორც ტრადიცია

ქართველი ამომრჩეველი თითქოს შურისმაძიებელს უფრო ჰგავს, რომელიც საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას. ანუ ვინმეს ან რამეს სასარგებლოდ კი არა, არამედ ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ.

ზვიადი ანტიკომუნიზმი იყო, შევარდნაძე – ანტიზვიადიზმი, სააკაშვილი – ანტიშევარდნაძიზმი, ბიძინა – ანტიმიშიზმი.

შემთხვევითი არ არის, რომ თავისი აგრესიული კამპანიის დროს ნაციონალები სწორედ „ანტის“ განწყობებს აღვივებდნენ. და რადგანაც პოზიტიური მესიჯები მეორე მხარეს არ იყო, შედეგიც შესაბამისი დადგა.

ახლა ანტის კამპანიაში მმართველი ძალაც ჩაერთო. ის ახლა პოზიტიური სიგნალების გაგზავნასაც ცდილობს და იმის შეხსენებასაც, რა ცხრა წელი გამოიარა ქვეყანამ, ასეთია ახლა მათი სტრატეგია.

როგორც წესი, ანტის იქით სხვა რამე პროგრამა ან ხედვა პოლიტიკურ პარტიებს ან ფიგურებს არ აქვთ ხოლმე. თუმცა, ამომრჩეველი ქარიზმატულ ფიგურებს უფრო ენდობა და პროგრამა არ აინტერესებს. შემთხვევითი არ არის, რომ მმართველი პარტიების ლიდერები ყოველთვის ხმათა დიდი უმრავლესობით იგებდნენ: ზვიად გამსახურდიამ ხმების 86% აიღო, ედუარდ შევარდნაძემ – 79.82%, მიხეილ სააკაშვილმა კი – 96.24%. ისე ჩანდა, რომ სწორედ ქარიზმას ანდობდნენ ისინი ყველა პრობლემის მოგვარებას. ამას გარდა, ქარიზმატულ ფიგურაში ხედავდნენ ისინი შურისძიების საუკეთესო საშუალებასაც.

გაუგებარი კოალიციები

ამ ანტიგანწყობებზე იგებოდა ხოლმე კოალიციებიც. გამინუსების მავნე ჩვევაც სწორედ აქედან მოდის. დღემდე შემორჩნენ ის პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც ზიზღის ყველა კამპანიაში მონაწილეობდნენ, მაგალითად, რესპუბლიკელებს ჯერ გამსახურდია ეზიზღებოდათ, შემდეგ შევარდნაძე, მერე სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი სძულთ. ისინი ყველა ანტის უცვლელი წევრები იყვნენ.

ექსპერტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ნაცებს ამ გარიგებაში რაოდენობა აინტერესებთ, ხალხს რომ უთხრან, ჩვენ უფრო მეტნი ვართ და მთელი ოპოზიცია ჩვენ ვართ, რესპებს კი – გადარჩენა. წინ 2020 წლის მთავარი არჩევნებია.

გია ხუხაშვილი მათ ინტელექტშეფუთულ ძალას უწოდებს, რომლებიც ახლა მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პრეზიდენტი უკეთესია, „ამაში არის გარკვეული ინტელექტუალური ლოგიკა, თუმცა, ის უნივერსალური არ არის“, – ამბობს ხუხაშვილი.

ამ კოალიციაში ერთადერთი ცნობილი ბრენდი ედპ-ა, თუმცა, თუ ადრე ის ეროვნული მოძრაობის ლიდერად იყო ცნობილი, ახლა ძირითადად ვაჭრობით აქვს სახელი განთქმული. სიძულვილი არც მისთვის არის უცხო.

დანარჩენებზე მაინც შეიძლება ითქვას, რომ ერთკაციანი პარტიები, სავარაუდოდ, მაინც უფრო იმიტომ აქვთ შექმნილი, რომ კოალიციებით პარლამენტში მოხვდნენ და ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ.

ანტის მთავარი ფორმულაა – ყველა ერთის წინააღმდეგ. ყველა ზვიადის წინააღმდეგ, ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ, ყველა მიშას წინააღმდეგ, ახლა ყველა ბიძინას მიერ მხარდაჭერილი სალომეს წინააღმდეგ.

როცა წინასაარჩევნო კოალიცია დგებოდა, ნაციონალებმა ყველას, ვინც მათ არ შეუერთდა, ბიძინა ივანიშვილის მონათლული პარტიები უწოდა. ახლა ყველას პრორუსებად რაცხავენ.

თუმცა, როგორც კი ნაციონალებს გამინუსების ფორმულის გამოყვანა დასჭირდათ, უკვე აღმოჩნდა, რომ არც ევროპელები იყვნენ მოსყიდულები და არც რესპები იყვნენ აგენტები, როგორც ამას სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ლამის ყველა, მთელი ვერტიკალი, ამტკიცებდა.

ლევან ბერძენიშვილის ჯაშუშობასთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ახლა უკვე ნაციონალები არიან მზად, თავის რიგებში მიიღონ ირაკლი ოქრუაშვილიც კი.  სააკაშვილის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოქრუაშვილს ინტერპოლის ხაზით ეძებდა. 2008 წლის მარტში ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა  თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით. ოქრუაშვილის პრორუსობასა და მოღალატეობრივ საქმიანობაზე საუბრები ყოველთვის იყო…

რა ბრალდებებს უყენებდნენ რესპები და ოქრუაშვილი სააკაშვილს

გამინუსების ფორმულამ შესაძლოა, პარადოქსული სახე მიიღოს და ის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ გაერთიანებად იქცეს, იქიდან გამომდინარე, რომ პირები, რომლებმაც ხელი ახლა გრიგოლ ვაშაძეს ჩამოართვეს, საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ ნაციონალებს და პირადად მიხეილ სააკაშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებები ასე გამოიყურება:

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია;

მან, ასევე, ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, განაცხადა რა, რომ ჟვანია იმ სახლში არ გარდაცვლილა, სადაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

მისი თქმით, სააკაშვილმა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა პირადად შეუკვეთა. ამ საქმეზე მოგვიანებით უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მან ჩვენება სასამართლოშიც მისცა.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებები სააკაშვილზე:

„2013 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ იქნება ის, რაც პრინციპში ახლა არის, ანუ პოლიტიკური გვამი, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები არ აქვს“.

„როგორი პროფესორიც უნდა იყოს ვინმე რატიანი ან როგორი სუფთა გოგო – რომელიმე ბოკუჩავა, ამ გაუპატიურების უკან მაინც ისინი დგანან და ამას ან უნდა გაემიჯნონ ან უნდა აღიარონ – დიახ, ჩვენ მოგვწონს ასეთი პარტია, რომელიც ამას აკეთებდა“.

„რაც შეეხება ბოდიშს, თუ გირგვლიანის საქმეზე ლევან ბერძენიშვილს აქვს ბოდიში მოსახდელი, მართლა ნამუსი არ ჰქონია გივი თარგამაძეს! კაცი აწამეს, მოკლეს და კიდევ ჩვენ უნდა ვიხადოთ ბოდიში?! მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში?!“

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელ მსოფლიოში ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, წარმოაჩენს ძალიან ნეგატიურად“.

(„კვირის პალიტრა“, ამონარიდები ინტერვიუდან)

„ევროპელები“ კომიკურ ვითარებაში

მეორე ტურმა მაინც ყველაზე ტრაგიკომიკურ ვითარებაში „ევროპული საქართველო“ ჩააყენა. დავით ბაქრაძემ პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას.

ახლა „ევროპელები“ თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი აგვისტოს ომის პოზიციით, მათთვის მიუღებელია. თუმცა, რეალურად სალომე აქ არაფერ შუაშია, ვინც არ უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, მათ მაინც მოუწევდათ ნაციონალებთან შეერთება, რადგანაც არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მათ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოაწერეს ენმ-სთან შეთანხმებას 3 ძირითად პუნქტზე. ესენია:

  1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
  2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან;
  3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

შესაბამისად, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში იძულებულები იყვნენ, მხარი ვაშაძისთვის დაეჭირათ.

თუმცა, ნაციონალები, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ადრე ჯაშუშებად და ახლა ეროვნულ პარტიად მონათლული რესპებით უფრო აღფრთოვანებულები არიან. გრიგოლ ვაშაძემ სწორედ მათთან კონტექსტში ახსენა რეფორმები.

რესპები კი უკვე აცხადებენ, რომ მეორე ტურში ვაშაძეს უფრო დიდი შანსები აქვს, ვიდრე ზურაბიშვილს.

ნაციონალებმა ევროპელების შეთავაზება ერთიანი შტაბის თაობაზეც დააიგნორეს.

ნაციონალები შესაძლოა, ევროპელების კომენტარებმაც გააღიზიანა. ისინი არ მალავენ, რომ ძალიან არ უნდათ ვაშაძის შემოხაზვა, მაგრამ იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ.

ექსპრეზიდენტს ევროპელების ხმები სჭირდება, თუმცა, მათ ლიდერებს, შესაძლოა, დიდად უკვე აღარ ენდობა. ესეც რომ არა, დავით ბაქრაძის მხარდაჭერას ნაციონალები ლოგიკურ ნაბიჯად აღიქვამენ – ბოლოს და ბოლოს, მათ მაინც საერთო ელექტორატი ჰყავთ, ბაქრაძეს ვაშაძისთვის მხარი რომ არ დაეჭირა, მათი ამომრჩეველი მაინც ხუთიანს შემოხაზავდა არჩევნებში. სხვა საქმეა „გირჩი“, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის მომხრეები ახალგაზრდა და თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც არც ნაცების და არც ქოცების ამომრჩევლები არ არიან.

მეორე ტურში ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს „გირჩებმა“ და დავით უსუფაშვილმა.

ისტორია გრძელდება და ჯერ ექსპერტებს უჭირთ, გამოიცნონ, როგორი შედეგით შეიძლება ის დასრულდეს.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები