მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 7 ნოემბერს მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრები ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენლებმა პოეტმა დავით მაღრაძემ, მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ და ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
მოძრაობის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს. ისინი 7 ნოემბერს რუსთაველის თეატრში საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად იკრიბებიან.
„მინდა, გითხრათ, რომ დღეს დიდ გაერთიანებას ჩაეყარა საფუძველი. გვაქვს იმედი და რწმენა იმისა, რომ მთელი საქართველო დავდგებით ერთად იმ მოჩვენებითად მოსალოდნელი საფრთხის, აგრესიული რევანშის წინააღმდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ აგრესიის მატარებელ რევანშს, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. იმის იმედი და რწმენა გვაქვს, რომ მთელი საქართველო დავდგებით და ეს იქნება უზარმაზარი, დიდი, ვრცელი, ფართო და შინაარსიანი გაერთიანება.
7 ნოემბერს ყველას გვახსოვს რა სისხლიანი კალო მოაწყო რუსთაველის გამზირზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამის მეხსიერების, ზედაპირზე ამოსატანად და გამარჯვებისთვის ვიკრიბებით რუსთაველის თეატრში 14:00 საათზე, 7 ნოემბერს. მინდა, დიდი მოკრძალებით მივმართო საქართველოს მოსახლეობას: ქუდზე კაცი არჩევნებზე! მე დავიცავ ჩემს თავისუფლებას“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
ნიკუშა შენგელაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე „არა“ უნდა უთხრან.
„დღეს სამწუხაროდ, აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ მიმდინარეობს რეანიმაცია იმ აბსოლუტურად მიუღებელი ძალის, წარსულის, რომელიც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ. თქვენ ხედავთ ჩვენს უკან როგორი კარგი ახალგაზრდობა დგას. ამ ახალგაზრდებს აღარ უნდათ წარსული. ჩვენ გვინდა ბევრად უფრო იმედიანი მომავალი, ბევრად უფრო ნათელი, საინტერესო. მოგმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც განაწყენებული იყავით, არ მიხვედით პირველ ტურზე, ჩვენ საარჩევნო დღეს, საარჩევნო უბნებთან აუცილებლად უნდა დავაყენოთ ღირსეული, თავისუფალი ადამიანების რიგები, რომ ერთხელ კიდევ დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ, იმ თავისუფლებას, რაც მოვიპოვეთ 2012 წელს, არ დავთმობთ არაფრის ძალით“, – განაცხადა შენგელაიამ.
მისი თქმით, ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის არჩევნებია.
ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველა დავფიქრდეთ, ეს ჩვენი შვილების მომავლისთვის ხდება, რომ არ დატრიალდეს ის რევანშიზმი და უბედურება , რაც გავიარეთ, რომ ეს ამ თაობას აღარ შეეხოს. ამიტომ, გთხოვთ, ახლა, ერთი თვე, არჩვენების დღემდე, ჩვენ უნდა გადავდოთ ყველაფერი, უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, რაშია გამოსავალი. დღეს, პირველი რიგის ამოცანაა, რომ არა ვუთხრათ „ნაციონალურ მოძრაობას“, არა ვუთხრათ ძალადობას, შიშს, ქვეყნის ჩეკისტურ მართვას. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ამ მოცემულობაში ის კანდიდატი, რომელიც ამის გარანტია იქნება თქვენთვის. ეს არის ქვეყნის ბედისთვის არჩევნები. ეს მოძრაობა დაიწყება 7 ნოემბერს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრთან, ღია კარის დღეა. ყველა მოქალაქეს შეუძლია მოსვლა, ვინც გრძნობს ამ საფრთხეს, ვინც არის თავისუფლების დამცველი“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
„მინდა, ყველას უმორჩილესად ვთხოვო, რომ გაიხსენონ არცთუ შორეული წარსული, გაიხსენონ ქუჩაში დახვრეტილი 160 ბიჭი, მოსახლეობის ტერორი, რაც ქვეყანაში წარმოებდა, ის სადიზმი, რასაც ციხეში ატარებდა ე.წ. ნაციონალური ხელისუფლება. ის გაჩუქებული, გასხვისებული ტერიტორიები, რომელიც როგორც საკუთარი სხეულის ნაწილი, ისე ჩამოგვაჭრეს. დაფიქრდით, გაიხსენეთ 7 ნოემბერი, 26 მაისი, გამოიტანეთ დასკვნა, თუ რა შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება მობრუნდეს ქვეყანაში. ნამდვილად არ მეგონა თუ ამ საშიშროების წინაშე დავდგებოდით ისევ. გთხოვთ, დაივიწყოთ პირადი წყენა, გამწარება, ბევრი ძალიან მძიმე დღეშია ისევ, მოდით ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და დავაყენოთ საკითხი – საქართველო უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს. ასე დგას საკითხი დღეს. „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან გთხოვთ, ამ კატასტროფაში ნუ ჩავაგდებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ოთხმეზურმა.
პრესკონფერენციას მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„დღეს გაერთიანდა ისეთი საზოგადოება, რომელიც 2012 წლამდე ებრძოდა ამ უსამართლობას. ვფიქრობ, ქართველი ერი უნდა დაფიქრდეს არა პოლიტიკურად ანგარიშსწორებაზე ერთმანეთის მიმართ, არამედ იმაზე, თუ რას ვებრძოდით ამდენი ხნის განმავლობაში. აქ არ არის ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის, აქ არის ბრძოლა იმ ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ, რაც გამოვიარეთ ჩვენ“, – განაცხადა წყალბურთელმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზუკა რურუამ.
ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მორაგბე გიორგი ასათიანმაც მოუწოდა.
„მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში. საშიშროება დადგა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დაბრუნდეს მთავრობაში. პრეტენზიების წაყენება არჩევნების შემდეგ სჯობს. ახლა ყველა აქტიურად უნდა მივიდეს არჩევნებზე”, – განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები