იბრძვიან თუ არა რუსი ტერორისტები უკრაინაში საქართველოდან გატანილი სარაკეტო დანადგარით?
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე აღმოსავლეთ უკრაინელი რუსი ტერორისტი დააკავეს, რომლებსაც პოლონური წარმოების გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი GROM-E2 გადაჰქონდათ. საიდან მოხვდა მათ ხელში ეს სისტემა, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, მსგავსი კომპლექსი არც უკრაინის და არც რუსეთის არმიების შეიარაღებაში არ არის. თუმცა ოფიციალურად ცნობილია, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, რამდენიმე ერთეული ასეთი კომპლექსი რუსებმა საქართველოს სამხედრო ბაზებიდან სხვა შეიარაღებასთან ერთად ალაფად წაიღეს.
სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ “არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების მიერ შეტანილი საზენიტო დანადგარი დიდი ალბათობით 2008 წელს სწორედ საქართველოდანაა გატანილი. მისი თქმით, ამას რამდენიმე ფაქტი ნათლად მოწმობს.
“ოფიციალური მონაცემებით, როდესაც საქართველოში რუსეთის 45 სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკი შემოვიდა, მათ ალაფის სახით ფოთიდან და ცხინვალიდან, სხვადასხვა შეარაღებასთან ერთად, რამდენიმე ერთეული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი წაიღეს. ამ ინფორმაციას რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წელს ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებდა. თავად უკრაინელები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ასახელებდნენ, რომ სწორედ რუსეთის 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკი მოქმედებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება და მეტყველებს, რომ არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ მათ სწორედ ეს საზენიტო კომპლექსი „გრომი“ გაიტანეს ფოთიდან და ცხინვალიდან აგვისტოს ომის დროს, ახლა კი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტანეს.
მათ ორი შვეულფრენი ჩამოაგდეს და სწორედ მაშინ გამოიყენეს ეს სისტემები, თუმცა, „გრომი“პოლონური წარმოშობის კომპლექსია, რომელიც საქართველომ თავის დროზე იყიდა. ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ 45-ე პოლკის მებრძოლები გადაცმულები მოქმედებენ სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი ალადაშვილმა.