საქართველო ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა მე-8 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. „სერჟანტთა როლი და პასუხისმგებლობები უსაფრთხოების მომავალ გამოწვევებში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა, აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა დევიდ დევენპორტმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა გახსნეს.
სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აშშ-ის ევროპის სარდლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებით იმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, ევროპის 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტები არსებულ და სამომავლო გამოწვევებს, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირების პროცესში სერჟანტის როლს, ასევე სერჟანტთა პროფესიული განვითარებისა და განათლების საკითხებს განიხილავენ.
ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა კონფერენცია პირველად გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ქალაქ გრაფენვერში 2007 წელს ჩატარდა. ფორუმი, კოორდინირების მიზნით, ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთიანი ძალებით მოქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველო კონფერენციაში 2009 წლიდან მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები