დარიალის ხეობაში სეისმოლოგთა ჯგუფს ელოდებიან
დარიალის ხეობაში დღეს სეისმოლოგთა ჯგუფს ელოდებიან. ჯგუფი ყაზბეგის ბაზაზე განთავსდება და სპეციალისტები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. სეისმოლოგები სეისმურ სადგურებს მოაწყობენ და დაკვირვების წერტილების რაოდენობას გაზრდიან.
ჯგუფი 9 წევრისგან შედგება და მასში გეოლოგები, გეოფიზიკოსები და სეისმოლოგები შედიან. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდა. 7 ადამიანი დაკარგულია. მყინვარწვერზე მეწყერსაშიში ზონის არსებობის გამო ხეობაში გადაადგილება აკრძალულია, ხოლო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. მყინვარზე მესაზღვრეებისა და ალპინისტების ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც მეწყერის დაძვრის შემთხვევაში საგანგებო შტაბს ინფორმაციას მიაწვდიან. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები პირადად აკვირდებიან.