ვინ რას მისცა ხმა

ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:
„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას – ევროპა და კულტურა; ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ. საბოლოოდ ჩვენც ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა“.
კახა კალაძე, თბილისის მერი:
„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ერთხელ ვნახეთ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე:
„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, თავისუფლებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“.
სალომე ზურაბიშვილი, პარტია „ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი:
„დღეს მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური, ამ საღამოსვე გავიგებთ, რა გადაწყვიტა ამომრჩეველმა და ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ, აგრეთვე, საოცარი გმირობა წარსული წლებისა. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, უდგას სათავეში“.
დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი:
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე“.
გრიგოლ ვაშაძე, „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატი:
„მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, იქნება ეს პირველ ტურში თუ მეორეში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება. ვნახოთ, კიდევ რამდენი საჩივარი დაგროვდება. ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებას ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი:
„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე ხმა მივეცი „გირჩის“ კანდიდატს. მე ხმა მივეცი „გირჩის“ კანდიდატს – ზურაბ ჯაფარიძეს, ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ ამ წუთში რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ „მკიდია“.
დავით უსუფაშვილი:
„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. კიდევ ვიმეორებ, მე მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის საშუალება, დანარჩენს დღეს საღამოს ვნახავთ და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ შედეგებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეიყვანს რაიმე ტიპის ჩიხში“.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები